მედია: ამერიკელი დიპლომატები ვენაში ამოუცნობი სენით ავადდებიან

18-07-2021 16:51:09 ეს საინტერესოა

ავსტრიის დედაქალაქში, ვენაში ამერიკელ დიპლომატებსა და საელჩოს ადმინისტრაციის თანამშრომლები უცნობი ავადმყოფობით დაავადნენ,– იუწყება BBC და დასძენს, რომ შემთხვევებს ამერიკის ხელისუფლება იძიებს.

20-ზე მეტ მაღალჩინოსანს ჰავანას სინდრომის მსგავსი დაავადება დაემართა. მიზეზი ჯერჯერობით ამოუხსნელია, თუმცა ამერიკელი მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია, მიმართული მიკროტალღური გამოსხივების შედეგი იყოს.

სინდრომი პირველად კუბაში, 2016-2017 წლებში დაფიქსირდა. ჰავანაში ამერიკელ და კანადელ დიპლომატებს ჰქონდათ ძლიერად გამოხატული სიმპტომები - თავბრუსხვევა, ბალანსის დაკარგვა, სმენის დაქვეითება, შფოთვა. ამერიკამ კუბა "ბგერით თავდასხმაში" დაადანაშაულა, რასაც კუბა კატეგორიულად უარყოფდა. ინციდენტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

2019 წელს აშშ-ში დაადგინეს, რომ დიპლომატებს, რომლებიც ჰავანაში გახდნენ ავად, ტვინის ანომალიები აღენიშნებოდათ.

რაც შეეხება ვენას, შემთხვევების შესახებ პირველად პარასკევს ჟურნალმა "ნიუ-იორკერმა" დაწერა, მოგვიანებით ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა. ავსტრიის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თანამშრომლობენ ამერიკელ სამართალდამცველებთან, რომ ერთობლივად გამოიძიონ დაავადებების მიზეზი.

ვენაში აშშ-ს ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა ჰყავს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები