სანდუ: „ოლიგარქიულმა სისტემამ  ჩაითრია ქვეყანა, სანქციების გარეშე დაკარგა რეპუტაცია, აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი“

19-07-2021 15:37:52 პოლიტიკა

მოლდოვას პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე მის ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის, საზოგადოების უნდობლობაზე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

მარია სანდუმ აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე მოლდოვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის წარმატებულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა და იყო იმედი, რომ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა, ჩამოყალიბდებოდა დემოკრატიული ინსტიტუტები, თუმცა მალევე, „ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია ქვეყანა და მალევე მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ, რომ მოლდოვა აღარ იყო წარმატებული“:

„რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა. მოლდოვას აკლდა ის, რაც ევროკავშირის ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვისაა მნიშვნელოვანი – ქვეყანა ჩაეფლო მორევში, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების გამოყენების შესაძლებლობას აღარ გვაძლევდა. მოლდოვამ სანქციების გარეშე დაკარგა რეპუტაცია, ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, აღარ ვიყავით ქვეყანა, რომელიც ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ცვლილებები მოხდა უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ხალხმა აირჩია დემოკრატიული მმართველობა:

„რადგან ახლა გვაქვს ევროკავშირის მხარდაჭერა, პარლამენტი ვალდებულია, განახორციელოს დანაპირები, უნდა აღვადგინოთ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობა, მოვახდინოთ კონსოლიდაცია. უნდა დავიწყოთ იქიდან, რაც ხალხს აწუხებს – სამართლის უზენაესობა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.სისტემა უნდა გავწმინდოთ კორუმპირებული მოსამართლეებისგან, კორუმპირებული საჯარო მოხელეებისგან“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები