
5 ინიციატივა საქართველოსთვის ავღანეთის შემდეგ: "აშშ-მა NATO-სთან უნდა იმუშაოს, რათა თბილისი ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს"
19/07/2021 12:31:05 თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველი რობერტ ჰამილტონი და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ცენტრის დირექტორის ლუკ კოფის ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ და საუბრობენ 5 ინიციატივაზე, რომელში ჩართვაც, მათი თქმით, საქართველოს ავღანეთში NATO-ს მისიის დასრულების შემდეგ შეუძლია.
სტატიის ავტორები ასახელებენ შემდეგ 5 ინიციატივას:
- "პირველი, ეს არის საქართველოს, როგორც "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის" მიწვევა პოლონეთში განთავსებულ NATO-ს მრავალეროვნულ ბატალიონში. აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნულ ბატალიონში ალიანსის არაწევრი არც ერთი ქვეყანა არ ყოფილა მიწვეული. თუ ქართული ჯარი შეძლებს, "NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში" მსახურებას, ისინი ასევე შეძლებენ ალიანსის "გაძლიერებული წარმოდგენილობის" (EFP) მისიაში ჩართვასაც.
- მეორე ინიციატივა უკავშირდება საქართველოს მიწვევას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის დაცვის მიზნით ინიცირებულ უსაფრთხოების მისიაში, რომელსაც თურქეთის უხელმძღვანელებს. 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ NATO-ს სამიტზე თურქეთმა განაცხადა, რომ მზად არის, დაგეგმილზე უფრო მეტხანს დარჩეს ავღანეთში, რათა უზრუნველყოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოება. საქართველოსა და თურქეთს უკვე აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, კარგი იქნება საქართველოსთვის თუ ამ მისიაში ჩაერთვება.
- მესამე ინიციატივა ეხება ერაყში NATO-ს საწვრთნელ ოპერაციას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მისიის 400-დან 4 000 ჯარისკაცამდე გაზრდას გეგმავს, რაც რადიკალი ჯიჰადისტების წინააღმდეგ ერაყის არმიის მომზადებას ითვალისწინებს.
- მეოთხე ინიციატივა ეხება საქართველოს მიწვევას, მონაწილეობა მიიღოს სპარსეთის ყურის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებში. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შედეგად საქართველოს ფლოტი განადგურდა. მას შემდეგ, საქართველომ გადაწყვიტა ყურადღება გაამახვილოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შექმნაზე, ნაცვლად იმისა, რომ აღადგინოს თავისი საზღვაო ფლოტი. საქართველოს შეუძლია, უზრუნველყოს ეკიპაჟის წევრები, რომლებიც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ხომალდებზე განთავსდებიან და ეს იქნება გზა, რომ საქართველო ჩაერთოს აშშ-ის უსაფრთხოების ოპერაციებში ევროპის მიღმა.
- მეხუთე ინიციატივად სტატიის ავტორები ასახელებენ საქართველოს შეთავაზების გათვალისწინებას, რომ იყოს NATO-ს ძალების საწვრთნელი ცენტრი. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) გთავაზობთ მაღალხარისხიან, ფართომასშტაბიან სასწავლო გარემოს თბილისთან ახლოს, სადაც ალიანსის ძალებს შეუძლიათ, განახორციელონ წვრთნები და ტრენინგები. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ მიიღო მაღალი შეფასება გერმანელი სამხედროებისგან ავღანეთში გერმანიის ძალების მხარდაჭერისთვის, რაც იმის დემონსტრირება არის, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა მიიღოს და მხარი დაუჭიროს NATO-ს ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე".
რატომ უნდა იმუშაოს აშშ-მა NATO-სთან საქართველოს თაობაზე
ჰამილტონი და კოფი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა NATO-სთან იმუშაოს, რათა საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს.
"არც ერთი ეს წინადადება არ არის გამოწვევების გარეშე. მათი განხორციელებისთვის საჭიროა რეალური პოლიტიკური ლიდერობა და მუშაობა ვაშინგტონში, ბრიუსელსა და თბილისში. თბილისმა იცის, რომ NATO–ში გაწევრიანება მეტწილად პოლიტიკური საკითხია. მან უკვე დააკმაყოფილა ან გადააჭარბა იმ სამხედრო მოთხოვნებს, რაც საჭიროა "ცივი ომის" შემდგომი აპლიკანტებისთვის. საქართველოს ლიდერებს ასევე ესმით, რომ NATO-სთან ოპერაციებში ყოფნა კრიტიკულია ალიანსის რადარზე დარჩენისთვის.
თბილისის ხედვით, NATO–ს ოპერაციებში ქართული ძალების ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის: ამის გაკეთება არ იძლევა გაწევრიანების მიწვევის გარანტიას, მაგრამ ამის შეუსრულებლობა თითქმის იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს [მიწვევა] არასოდეს მოხდება. საქართველო ასევე დიდად აფასებს აშშ-ისა და ქართველ სამხედროებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობს, რომელიც წლების განმავლობაში ერთად წვრთნებისა და ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.
საქართველო საშიშ სამეზობლოშია და რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, საქართველომ შეძლო სერიოზული თავდაცვის რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობს გაცილებით მაღალი ტემპით, ვიდრე NATO–ს ბევრი ქვეყანა, სწორედ ამიტომ აშშ-მა NATO-სთან უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს", – ნათქვამია სტატიაში.
ავღანეთი და საქართველო
ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში 17-წლიანი მისია 2021 წლის 28 ივნისს დაასრულეს.
საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე NATO-ს საერთაშორისო მისიას, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (ISAF) შემადგენლობაში პირველად, 2004 წლის აგვისტოში შეუერთდა. 2015 წლის პირველი იანვრიდან, ავღანეთში, NATO-ს საერთაშორისო მისიამ სახე იცვალა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) ფორმატით გაგრძელდა, რაშიც ქართველი სამხედროები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ. ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი გახდა.
2004 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000–ზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა.