მიშელი – "ტრიოს": "საჭიროა რეფორმების განხორციელება არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ"

19-07-2021 20:07:39 პოლიტიკა

"მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი", – ასე მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ასოცირებული ტრიოს“ მიერ ბათუმის სამიტის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად ყველაფერს გააკეთებს.

„მინდა, ევროკავშირის მხარდაჭერა გამოვხატო ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მონაწილე ქვეყნებისადმი. დეკემბერში ჩვენ გვექნება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ იყოს კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ყველა მოქალაქის სასარგებლოდ. პირველი პრიორიტეტი – მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება და ვიყოთ ინოვაციურები, ვიმუშაოთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, რათა უზრუნველვყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და გაძლიერება ქვეყნისა და მოქალაქეების სასარგებლოდ. მეორე – კავშირი უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, რათა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე – საჭიროა რეფორმების განხორციელება არა ბრიუსელის მოსაწონად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

„ასოცირებული ტრიოს“ – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის სახელმწიფოს მეთაურებმა დღეს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები