მარნეულში მომხდარი საზარელი მკვლელობების დეტალები ხდება ცნობილი

21-07-2021 11:44:35 სამართალი

მარნეულში მომხდარ საზარელ მკვლელობებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00 საათზე სავარაუდო მკვლელი, 29 წლის ელჩინ ალიევი ყოფილი მეუღლის სახლში, რომელიც მისი საცხოვრებლიდან ასიოდ მეტრში მდებარეობს, შეიარაღებული შეიჭრა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, თავდაპირველად მან ყოფილი მეუღლე – 28 წლის ქალი ჩაცხრილა, შემდეგ მანქანით გადაუარა. ყოფილმა სიძემ ცეცხლი ხმაურზე ქალის გარეთ გამოსულ მამასაც გაუხსნა, შემდეგ საცხოვრებელ სახლში შევიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ყოფილი მეუღლის დედას და ძმას ესროლა. კრიმინალური აქტის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა ქალი და მამა ადგილზე გარდაიცვალნენ, დაჭრილი დედა და ძმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილობრივები ყვებიან, რომ წყვილი ერთმანეთს დაახლოებით, 2 თვის წინ დაშორდა, რისი საფუძველიც დაძაბული ურთიერთობა იყო. მათ სამი შვილი დარჩათ.

ადგილობრივები ამბობენ იმასაც, რომ კაცს იარაღის ტარების უფლება გუშინ მისცეს, საღამოს კი ალკოჰოლი მიიღო და მკვლელობა ამის შემდეგ მოხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სავარაუდო მკვლელი პოლიციას თავად ჩაბარდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ამ დროისთვის სამართალდამცველები სავარაუდო მკვლელის საცხოვრებელ სახლთან არიან მობილიზებულები შემდგომი სავარაუდო ინციდენტების პრევენციისთვის, რადგან სოფელში მძიმე ემოციური ფონია.

ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები