უცხოეთში დასაქმებულ ქართველებს თანხა ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს
21/07/2021 08:04:32 სამართალი
პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და თაღლითობის ბრალდებით თბილისში, გორსა და წალენჯიხაში 5 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულებს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა ედებათ ბრალად.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მათი სახელით დაუკავშირდნენ როგორც საზღვარგარეთ სამუშაოდ მყოფ, ასევე, საქართველოში მცხოვრებ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს.
დაკავებულებმა საერთო ჯამში 14 მოქალაქის კუთვნილი 10 500 ლარი მიისაკუთრეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


