ალიევმა და პუტინმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

21-07-2021 13:17:19 კავკასია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

როგორც ოფიციალური განცხადებებიდან ირკვევა, მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული ვითარების მოგვარება რჩება. ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ ყველას გვსურს აღნიშნულის მოგვარება და ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.

თავის მხრივ ალიევმა ისაუბრა მტკიცე ნებაზე, რომ პოსტ-კონფლიქტური პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო:

„მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის საომარი მოქმედებების დასრულებიდან ბოლო 8 თვის განმავლობაში თქვენთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პირადმა კომუნიკაციამ იანვარში მოსკოვში და შემდეგ უკვე სატელეფონო ხაზის გამოყენებით, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სიტუაციის სტაბილიზაციაში. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პოსტ-კონფლიქტური პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევით ეს გამოგვივა“.

მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზად, არის მიესალმოს ევროკავშირის ქვეყნების შუამავლობის მცდელობებს მთიანი ყარაბაღის რეგიონის შესახებ მოლაპარაკებებში, თუ ის ხელს შეუწყობს მანამდე არსებული შეთანხმებების განხორციელებას.

„შუამავლობის ძალისხმევა სტაბილურობას თუ მოიტანს, პროგნოზირებადობას და არსებული შეთანხმებების განხორციელებას შეუწყობს ხელს, მაშინ ის მისასალმებელია. ზოგადად, ამ მიმართულებით მუშაობა კარგად მიმდინარეობს“, – აღნიშნა პესკოვმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები