გალის რეზერვაცია, საუკუნე XXI, წელი 21-ე

21-07-2021 19:13:51 კონფლიქტები

ყოველ ჯერზე, როცა თბილისში ან უცხოეთში აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე მიუთითებდნენ, სოხუმი აღშფოთებას გამოხატავდა და ცდილობდა, ემტკიცებინა, რომ ეს ყველაფერი “სიცრუე და არაკეთილმოსურნეთა პროვოკაციაა”. იქ წლიდან წლამდე ირწმუნებოდნენ, რომ «აფხაზეთი – ეს დემოკრატიული სახელმწიფოა, მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, ტოლი შესაძლებლობები, ტოლი უფლებები გააჩნია და გალის რაიონში მცხოვრები ქართველები რესპუბლიკის თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არიან». მაგრამ ბოლო დროს ამ მტკიცებების სიყალბე თავად აფხაზეთშიც აღიარეს. რამდენიმე დღის წინ პრობლემას გალის დე ფაქტო რაიონული კრების დეპუტატმა ოლგა ბელოუსოვამაც გაუსვა ხაზი, რომელიც გეგმავს, აფხაზური “პარლამენტის” სპიკერ ვალერი ქვარჩიას რაიონის მცხოვრებთა დოკუმენტირების საკითხზე მიმართოს.

14 ივლისს, რაიონული “ადმინისტრაციის” თათბირზე, რომელსაც “პრეზიდენტ” ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია უძღვებოდა, ბელოუსოვამ განაცხადა, რომ «გალის რაიონის მოსახლეობა თავისი პრობლემით უკვე ყველა კარზე აკაკუნებს». «გაგვიუქმეთ რა 2016 წელს პასპორტები, არა მხოლოდ მოქალაქეობა ჩამოგვართვით, არამედ მომავალი წაართვით ჩვენს შვილებს. ჩვენი სკოლების ბრწყინვალე კურსდამთავრებულები ვეღარ ხედავენ პერსპექტივას, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან სწავლის გასაგრძელებლად, იქ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხდებიან და უკან – აფხაზეთში აღარ ბრუნდებიან. როდესაც თავის დროზე ვლადისლავ არძინბამ [აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი – რედ.] სამურზაყანოელებს დაბრუნებისკენ მოგვიწოდა, ის ჩვენში მტრებს ვერ ხედავდა. თქვენ რატომ ქმნით გალში რეზერვაციას? რა მიზეზით ირღვევა ადამიანთა უფლებები? ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ძირძველი მოსახლეობა. მაშინაც, როცა პასპორტები გვქონდა და აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებად ვითვლებოდით, არაფერს ვუშავებდით სახელმწიფოს” – განაცხადა ბელოუსოვამ. მისივე თქმით, ბოლო წლებში დაბადებულ ბავშვებს დაბადების მოწმობებიც კი არ გააჩნიათ, რადგან ბევრი მშობელი თავს იკავებს “ბინადრობის მოწმობის” აღებისგან, რომ “მეორე სორტის მოქალაქედ” არ იქცეს”. “ბინადრობის მოწმობა ადგილობრივ მოსახლეობას უფლებებში ზღუდავს, შექმნილი ვითარების გამო ხალხი სახლებს ტოვებს, რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს. გვსურს, ჩვენში ადამიანები დაინახოთ. აქ წინაპრები გვყავს დაკრძალული, აქაა მათი სახლ-კარი, ჩვენ ვშრომობთ სახელმწიფოს საკეთილდღეოდ, კეთილსინდისიერად ვიხდით გადასახადებს და ბავშვებს სიყვარულით ვზრდით სამშობლოსადმი, რომელიც მე-11 კლასის შემდეგ მათზე უარს იტყვის. როგორ უნდა ავუხსნათ აფხაზეთში დაბადებულ ბავშვებს, რომ მოქალაქეები არ არიან?!» - ჩაიკითხა ბელოუსოვამ ფრაგმენტები “პარლამენტის” სპიკერისადმი მისი მიმართვიდან. მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ახლა – პანდემიის გამწვავების პერიოდში გალის “ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს” პერსონალი დაუღალავად ეხმარება ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და არავის ყოფს “მათიანსა” და “სხვისიანზე”. “პოლიტიკა, რომელიც გალის რაიონის მკვიდრთა მიმართ ტარდება, არაჰუმანურია, ხალხის გაერთიანების სანაცვლოდ ადამიანების ეროვნული ნიშნით “ჩემიანსა” და “სხვისიანზე” დაყოფა კი – არაკონსტრუქციული” – დასძინა ბელოუსოვამ.

თავის მხრივ, ალხას კვიცინიამ აღნიშნა, რომ “თავის დროზე მიღებულ იქნა გაუაზრებელი, მთლიანობაში შეცდომითი დოკუმენტი” [აფხაზური “პარლამენტის” 2014 წლის 4 აპრილის დადგენილება «გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირეს რაიონების მოსახლეობის პასპორტიზაციის პროცესის მოწესრიგების შესახებ” 2013 წლის 18 სექტემბრის № 3390 დადგენილების აღსრულების წესის თაობაზე” – რედ.]”. “თუ საუბარია ადამიანებზე, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ეს საკითხის ერთი მხარეა. მაგრამ არსებობენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, რომლებიც ეხმარებოდნენ აფხაზეთსა და აფხაზებს. ჩვენ არ ვაძლევთ ადგილობრივებს პასპორტებს, არ ვუგრძელებთ ფორმა №9-ს. გალის რაიონის მოსახლეობის დოკუმენტირების საკითხი საზოგადოებაში უთანხმოებასა და ბევრ დავას იწვევს. უკვე საკმარისად დიდი ხანია, ვმსჯელობთ ამ თემაზე და აუცილებელია, მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა, გამოვიმუშავოთ ერთიანი მიდგომა, რათა საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას», - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საკითხის მრავალწლოვან ისტორიას თუ გავიხსენებთ, გალელების ყოფა არც მანამდე იყო საამური, 2013-მა წელმა კი ადგილობრივებს უდიდესი დარტყმა მიაყენა. იმჟამინდელმა აფხაზურმა ოპოზიციამ რაულ ხაჯიმბას თაოსნობით განაცხადა, რომ რაიონში მიმდინარე “მასობრივი” პასპორტიზაციის პროცესი “სუვერენიტეტის დაკარგვის” რისკს შეიცავდა და “ეროვნულ უსაფრთხოებას აზიანებდა”. განიხილა რა ოპოზიციის ინიციატივით საკითხი “საგნობრივად”, აფხაზურმა “პარლამენტმა” პასპორტიზაცია “უკანონოდ” სცნო, თავისი დადგენილებით თითქმის ყველა ადგილობრივს “პასპორტი” და მაშასადამე, “მოქალაქეობაც” ჩამოართვა. აფხაზეთის “მოქალაქეთა” რაოდენობა ერთბაშად 46 ათასით შემცირდა. “პასპორტების” ნაცვლად მოსახლეობისთვის ე.წ. ბინადრობის მოწმობების დარიგება დაიწყეს, რითაც ყველაფერთან ერთად, ხმის უფლებაც გაუუქმეს და აიძულეს, ქცეულიყვნენ ერთგვარ რეზერვაციად “აფხაზური სახელმწიფოს” შემადგენლობაში.

შემდგომ წლებში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა. ე.წ. ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გადაიქცა გალელებისთვის ათასობით რუბლის გამოძალვად და თანხები უმთავრესად ადგილობრივი დე ფაქტო ჩინოსნების ჯიბეებში ილექებოდა, მათ შორის – ამჟამინდელი ოპოზიციონერის, ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების დიდი მოყვარულის. გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, რევანშისტულად განწყობილი თემურ ნადარაიას პირად ბიუჯეტშიც.

შემდეგ ჯერზე გალის რაიონმა “პარლამენტის” ყურადღება მხოლოდ გასული წლის დეკემბერში დაიმსახურა, თუმცა ამჯერადაც – მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაემძიმებინა ადგილობრივთა ისედაც გაუსაძლისი ყოფა. “პარლამენტის” საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ნატალი სმირმა საკომიტეტო მოსმენაზე პირდაპირ გააფრთხილა რაიონული დე ფაქტო ადმინისტრაცის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფილია, რომ გალს საბიუჯეტო დოტაცია გაუნახევრდებოდა – აქაოდა, “მოქალაქეობის არმქონენი ბიუჯეტიდან ხელფასს არ უნდა იღებდნენო”. «აფხაზეთის მოქალაქეთა რა რაოდენობა ცხოვრობს გალში? ვის ვუხდით, უკაცრავად, ფულს?! იქ ხომ სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავეთა უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობა გააჩნია, აფხაზეთის მოქალაქე კი მაქსიმუმ, ერთი ათასია” – განაცხადა სმირმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ მაშინ ვითარებას კატასტროფული უწოდა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ელემენტარული უფლებების გარეშეა დარჩენილი. «ჩვენს ადმინისტრაციას მატერიალური დახმარებისთვის აკითხავენ ადამიანები, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას, მაგრამ როგორ დავეხმაროთ – არ ვიცით, რადგან გაუგებარია, როგორ გავაფორმოთ დახმარება – მათ ხომ არავითარი საბუთი არ გააჩნიათ! პირადად ჩემთან მოდიან ადამიანები, რომლებმაც დაამთავრეს სკოლა, მოიხადეს ჯარი ჩვენს – აფხაზურ არმიაში, ვხედავ მათ მიერ მიღებულ ჯილდოებსაც საუკეთესო მსახურისთვის…. მთხოვენ: «მოგვეცით რაიმე საბუთი მაინცო!”, მე კი ამის უფლება არ მაქვს. ეს კატასტროფა არ არის?! პარლამენტი პასპორტებში კი არ უნდა იქექებოდეს და კიდევ უფრო უმძიმებდეს ადამიანებს ისედაც ურთულეს მდგომარეობას, არამედ ყველაფერს აკეთებდეს მათთვის ოდესღაც წართმეული უფლებების დასაბრუნებლად. რაც შეეხება ხსენებულ ათას ადამიანს – პასპორტების მფლობელებს, დანარჩენები რა, ჩვენები არ არიან?! დიახ, ჩვენს შორის იყო ომი, დღესაც კი გვძულს ზოგიერთს ნათესავები, რომლებსაც ოდესღაც ვეომეთ, მაგრამ ამაზე ნელ-ნელა უარი უნდა ვთქვათ. 2600 ბავშვი გვყავს, მათ შორის 500-ზე მეტი – საბავშბო ბაღის ასაკის, მათ ხომ საერთოდ არ უომიათ და რისთვის ვსჯით ამ ადამიანებს?! პასპორტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, გალის რაიონს ბიუჯეტი საერთოდ არ სჭირდება?!», - განაცხადა კონსტანტინე ფილიამ და წინა დე ფაქტო ხელისუფლება, ანუ ამჟამინდელი ოპოზიცია ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

პირველად აფხაზეთის ომისშემდგომ ისტორიაში, გალის რაიონის მოსახლეობის უფლებების დარღვევაზე გასულ წელს ომბუდსმენმა ასიდა შაკრილმაც გაამახვილა ყურადღება. ამ თემას მან თავისი 140-გვერდიანი მოხსენების უდიდესი ნაწილი დაუთმო, რითაც რევანშისტულად განწყობილი ოპოზიციის ფსევდოპატრიოტული კრიტიკაც დაიმსახურა. სახალხო დამცველის შეფასებით, აფხაზეთის “ხელისუფლების პოლიტიკა, უდავოდ, ეთნიკური ქართველების, განსაკუთრებით გალელების დისკრიმინაციაზეა მიმართული”. «ქართული ეროვნების მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა ამ დრომდე დაურეგულირებელია. მოქალაქეთა ამ კატეგორიისთვის ძირითად პრობლემას საბუთების მიღება წარმოადგენს. დოკუმენტების არქონის მიზეზით გალის რაიონის ბევრი მკვიდრი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. გარდა ამისა, რაიონში ირღვევა განათლების უფლება, რადგან 2015 წლიდან სკოლებში სასწავლო პროცესი რუსულ ენაზე წარმებს. იმის გამო, რომ რუსულს რაიონში სათანადო დონეზე ვერ ფლობენ, მათ შორის - პედაგოგებიც, მოსწავლეები საგნებს ცუდად ითვისებენ. ამასთანავე, მიწის გადასახადის ოდენობა აქ სხვა რაიონებში დაწესებულს თითქმის ორჯერ აღემატება», - აღნიშნავდა თავის მოხსენებაში ასიდა შაკრილი.

გალის დე ფაქტო რაიონული კრების “დეპუტატ” ოლგა ბელოუსოვას მიმართვის შემდეგ აფხაზურ “პარლამენტს” ეძლევა შესაძლებლობა, ეს სამარცხვინო მდგომარეობა ახლა მაინც გამოასწოროს. დემოკრატიის პრინციპების საფუძვლებისა და თავად “დემოკრატიული სახელმწიფოს” ცნების დეკლარირება ხომ ერთია, მათი დაცვა კი – სულ სხვა რამ და ჯერ-ჯერობით ცივილიზებული სამყარო აფხაზეთში მხოლოდ ადამიანის უფლებების გამანადგურებელ “სახელმწიფობანას” თამაშს ადევნებს თვალს.

ეკატერინე ცანავა

_________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები