საქართველოში 25 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანის დნმ-ი გაშიფრეს

22-07-2021 12:32:05 ეს საინტერესოა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე მღვიმის ნიადაგში აღმოჩენილი 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაიშიფრა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევის შედეგების ამსახველი სტატია წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა.

კვლევის მიხედვით, ანალიზით დამტკიცდა, რომ აღმოჩენილი ნიმუში (SAT29) წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში.

შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა ნიმუში შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილ, ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ ასევე აჩვენა სავარაუდოდ, გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი და ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა.

ინფორმაციისთვის: კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალის ანალიზის შედეგებს.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება, ან მისი გაშიფვრა რთულია, თუმცა, მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. მეცნიერების ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი(shotgun) და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა. ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის, ჩონჩხის არარსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები