
„მომდევნო დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისით“
22/07/2021 10:48:31 საზოგადოება
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ყოველდღიურად 200-მდე ბავშვი ინფიცირდება, რაც მისი შეფასებით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„მომდევნო დღეები და კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ბავშვების ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის თვალსაზრისითაც. თუ საქართველოს სტატისტიკას გავითვალისწინებთ, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 10% ბავშვია, გამოდის, რომ ყოველდღიურად ქვეყანაში 150-200 ბავშვი ინფიცირდება. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. არც ერთ რეგიონში ჰოსპიტალიზაციის პრობლემა დღეისათვის შექმნილი არ არის. რა თქმა უნდა, პროგნოზირება საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს და სრულიად წარმოუდგენელ ციფრს თუ გავიხსენებთ, რაც ნოემბერ-დეკემბერში იყო, მაშინ ეს პრობლემა აუცილებლად გვექნება. დღეისთვის 1400 საწოლია თავისუფალი. უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში საწოლები პაციენტებისთვის მოიძებნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მან ვაქცინაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი:
„ყველაზე მაქსიმალური ციფრი, რაც იყო ერთი დღის განმავლობაში 11 000 აცრილი ადამიანია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ მთელი 2022 წელი დაგვჭირდება იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობის 60-70% იყოს ორჯერადად აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი. ეს არის ძალიან ცუდი“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვირუსით ქვეყანაში 4 000–მდე ბავშვი დაინფიცირდა და მდგომარეობას ის გარემოება ამსუბუქებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.
22 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 383 339 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 135 291 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების დღიური ნამატი 2000–ს აჭარბებს. ეპიდემიოლოგების შეფასებით, კვლავ „წითელ ზონაში“ დავბრუნდით.