
არველაძე მერის კანდიდატად დასახელების თაობაზე კონსულტაციებს არ ადასტურებს
22/07/2021 10:55:27 პოლიტიკა
ვეტერანი ფეხბურთელი არჩილ არველაძე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიასთან არანაირი კონსულტაციები არ ჰქონია.
საკითხი აქტუალური პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადების შემდეგ გახდა.
"კახაბერ ქემოკლიძეს ჰკითხეთ რატომ თქვა, მე არ ვიცი. ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა და არანაირ მერობას არ ვაპირებ", - უთხრა „ფორმულას“არველაძემ.
კახაბერ ქემოკლიძემ 21 ივლისს პალიტრანიუსის ეთერში დასმულ კითხვას - განიხილება თუ არა აჩი არველაძე მერობის კანდიდატად, უპასუხა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არაა და აქტიური მუშაობა მიმდინარეობს:
"ეს საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ჩემი ღრმა რწმენით უახლოეს რამდენიმე კვირაში, ალბათ, ეს ყველაფერი დაკრისტალდება და დარწმუნებული ვარ, რომ კონკრეტული კანდიდატი გეცოდინებათ. განიხილება ყველა იმ ადამიანის კანდიდატურა, რომელიც იქნება პოტენციურად ძლიერი ოპონენტი და რომელიც იქნება საკმაოდ სიღრმისეულად ანგარიშგასაწევი ძალა ქალაქ თბილისის მერობის პოსტზე. მაქვს პატივი, რომ ბატონ აჩის პირადად ვიცნობდე და ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი და კარგი პიროვნება".
შეგახსენებთ, რომ ძმები არველაძეები პარტია „საქართველოსთვს“ დაფუძნების ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.