
წულუკიანი – ჟურნალისტებს ღარიბაშვილზე: „თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ“
22/07/2021 13:34:21 პოლიტიკა
ვიცე–პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მიინევს, რომ შს მინისტრმა და პრემიერ–მინისტრმა თანამდებობები არ უნდა დატოვონ.
„ტვ პირველს“ და ყველას გიპასუხებთ – რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ“, – ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას.
დამაზუსტებელ კითხვაზე, მაინც რას გულისხმობდა მინისტრი ფრაზაში „თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ?“, წულუკიანმა უპასუხა:
„აგერ ვარ მთავრობის წევრი და თუ რამის თავი გაქვთ, გადამაყენეთ“.
წულუკიანი ამბობს, რომ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რისი დასრულების შემდეგაც იქნება უპრიანი პასუხისმგებლობაზე საუბარი:
„რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად. ექსპერტიზის პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ არავითარი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს. ეს ვარაუდია, დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები შემდეგ უნდა ვეძებოთ“.
თეა წულუკიანმა დღეს სენაკში ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული სენაკის თეატრი გახსნა.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისიდან მოყოლებული ჟურნალისტების პროტესტი მიმდინარეობს მოთხოვნით, დაისაჯონ 5 ივლისის მასობრივი ძალადობრის ფიგურანტები, ძალადობის ორგანიზატორები და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისას ათობით ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.