ზოიძე – ღარიბაშვილზე: „კოვიდი ჰქონდა გადატანილი და არ აიცრა, მის ადგილას, ავიცრებოდი“

22-07-2021 19:05:22 საზოგადოება

„კოვიდი ჰქონდა გადატანილი და არ აიცრა. მე მის ადგილას ავიცრებოდი. ეს კარგი მაგალითი იქნებოდა. გასულია იმდენი დღე, რომ...“,– ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ სოციალურ ქსელში აქტუალურ კითხვას, აიცრა თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ზოიძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ, ჯანდაცვის სექტორის მესვეურებს კი საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცრელი ადამიანი ვირუსის მუტაციისთვის „ფაბრიკაა“.

„ეს ეროვნული უსაფრთხოების დონის გამოწვევაა. დრო აღარ გვაქვს. ვაქცინაციის ჩავარდნა ქვეყნის დაღუპვაა – ეს ჩვენი ეკონომიკის დაქცევა, მტრების გახარებაა. რუსეთს ერთადერთი სჭირდება – (ეს ანტივაქსერული კამპანიის დიდი ნაწილი მისი დაფინანსებული) ძალიან მინიმალურ ფასად, ტანკების შემორიხინების გარეშე დააქციოს საქართველო და მისი მომავალი. ეს შეუძლიათ მარტივად – ჩააგდონ ვაქცინაცია. შემოდგომაზე ეს ყველაფერი საბოლოოდ აფეთქდება და ქვეყნის ეკონომიკა აღარ გვექნება“,– განაცხადა ზოიძემ „ფორმულას“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილმა 20 ივლისს განაცხადა, რომ მთავრობას რაც შეეძლო, გააკეთა – ვაქცინა ქვეყანაშია, ახლა მოქალაქეები უნდა აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საზოგადოება გააფრთხილა, რომ კვლავ შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო და რომ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები