
ირანში 2 დღეში, სულ მცირე, 31 აქციის გამართვის თაობაზე იტყობინებიან – არიან დაღუპულები
22/07/2021 17:14:49 მსოფლიო
მეექვსე დღეა, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ხუზესტანის პროვინციაში მცხოვრები მოქალაქეები წყლის დეფიციტს აპროტესტებენ. ოფიციალური მონაცემებით, აქციების მიმდინარეობისას 3 ადამიანია დაღუპული. მათ შორის ორი სამოქალაქო პირია, ერთი – პოლიციელი.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars იუწყება, რომ დემონსტრანტებმა შეტაკებისას ერთი პოლიციელი მოკლეს და კიდევ ერთი დაჭრეს. კიდევ ორი დაღუპულის, ახალგაზრდა კაცების მკვლელობაში ხელისუფლება ასევე დემონსტრანტებს ადანაშაულებს, თუმცა, აქტივისტთა განცხადებით, ისინი უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, პროტესტი გასცდა წყლის საკითხს და ისმის სლოგანები ხელისუფლების, უშუალოდ ისლამური რესპუბლიკის ელიტის წინააღმდეგ.
The New York Times-ის კორესპონდენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, თეირანის მეტროში მოქალაქეები სკანდირებენ: “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას”. ამასთან, Reuters იტყობინება, რომ ღამით დედაქალაქში ზოგიერთმა ადამიანმა "აღშფოთება გამოხატა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ".
CNN-ის ცნობით, თეირანში უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
მისი ცნობით, წყლის დეფიციტმა კაშხლების მუშაობაც შეაფერხა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება.
ბოლო პერიოდში ირანის ეკონომიკას ძლიერი დარტყმები მიადგა ერთის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების, მეორე მხრივ კი პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. მიმდინარე პროტესტამდე აქციებს მუშები და პენსიონერები მართავდნენ. ისინი უმუშევრობასა და ინფლაციას აპროტესტებდნენ.
"ადამიანის უფლებათა აქტივისტების ახალი ამბების სააგენტოს" (HRANA) ცნობით, ქვეყანაში ორშაბათსა და სამშაბათს, საერთო ჯამში, სულ მცირე, 31 აქცია, მათ შორის მუშათა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.