"თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო თანამდებობა, დავემორჩილები"
22/07/2021 18:47:41 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს "ქართული ოცნების" გუნდი წყვეტს და, იმ შემთხვევაში, თუ მისი თანამდებობიდან გადადგომა იქნება საჭირო, იგი ამას გააკეთებს.
"რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო. თუ თქვენ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება - არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, 5-6 ივლისის ფარგლებში მე და შსს-მ სწორად ვიმოქმედეთ თუ არა. აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა დავტოვო, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დავემორჩილები,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა "რუსთავი 2"–ის ეთერში.


