სომხეთი და აზერბაიჯანი სასაზღვრო ზონაში შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყებიან, არის მსხვერპლი

23-07-2021 19:16:55 კავკასია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა.

მათივე ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი დღეს ადგილობრივი დროით 16:00-ზე გაუხსნეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლა აზერბაიჯანელი სამხედროები საპასუხო ზომებს მიმართავენ“

„ასეთი პროვოკაციებით სომხური მხარე მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვას“.

თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინციდენტი დღეს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გეღარქუნიკის რაიონში მოხდა.

ერევანში აცხადებენ, რომ მომხდარს წინ უძღოდა სროლა აზერბაიჯანის პოზიციებზე, რაც მათივე მტკიცებით, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის კონფლიქტთან.

ამასთან, როგორც სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მათ აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი არ გაუხსნიათ, ვიდრე აზერბაიჯანელებმა არ ისროლეს სომხურის მიმართულებით.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისიდან დაძაბულია. მაშინ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სიუნიქის რაიონში სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები