„ზაფხულის სეზონს ნაადრევად დავასრულებთ“ – ტურიზმის სექტორში ნეგატიური მოლოდინია

26-07-2021 13:28:46 ეკონომიკა

საქართველოსი ეპიდვითარების გაუარესებასთან ერთად ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩნდათ. გაჩნდა სეზონის ჩავარდნის რისკი.

„პროგნოზების გათვალისწინებით, აგვისტოში კიდევ უარესი იქნება ინფიცირების დონზე. საერთაშორისო ტურიზმის კუთხით ნაკადები შემცირდა და ეს ტენდენცია კიდევ გაგრძელდება. რიგმა ქვეყნებმა საქართველოში მოგზაურობა აკრძალეს და ალბათ, ეს ტენდენციაც გაგრძელდება“,– ამბობს „ჰელსინკ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

მისი აზრით, მთავრობის ვალდებულებაა, დააჩქაროს ვაქცინაციის ტემპი, თუმცა ვინაიდან ვაქცინაციას ეფექტი დაახლოებით 2 თვეში ექნება, მოკლევადიან ეფექტს არც ამ მიმართულებით ელის.

ტურისტული კომპანია BEMCE DMC- ის დირექტორი ვიკა შარია, სექტორის გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენ ძალიან მკაცრ სტანდარტებს გვიწესებენ: ხელშეკრულებაში ყველა კომპანიამ აუცილებლად უნდა გავწეროთ პირობა, რომ ჩაკეტვის შემთხვევაში, არ მოხდება არაფრის ანაზღაურება. ერთის მხრივ, სასტუმროები თანხის სრულად ჩარიცხვას ითხოვენ, მეორეს მხრივ, კლიენტები გვეუბნებიან, „რომ პანდემიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, თანხას უკან მოვითხოვთ“. მოკლედ, ჩვენ – ტურისტული კომპანიების სექტორი შუაში ვართ "გაჭეჭყილები" სრულიად გაურკვეველ მდგომარეობაში“.

ზაფხულის სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ამდენად, ტურისტული სექტორისთვის ერთ–ერთ გამოსავლად შესაძლოა, შიდა ტურიზმი განიხილებოდეს, თუმცა ამ მიმართულებითაც შეინიშნება ნეგატიური ტენდენცია. კერძოდ, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მაგალითად, აჭარის რეგიონში, ვინაიდან ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ის მერე ადგილზეა, ჯავშნებს ადგილობრივი ტურისტებიც აუქმებენ. მოთხოვნა ამ ეტაპზე ნარჩუნდება მაღალმთიან რეგიონებზე – რაჭა–ლეჩხუმსა და გურიის მიმართულებებზე, თავს არიდებენ სვანეთს მაღალი ფასებისა და ხალხმრავლობის გამო. ამასთან, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ადგილობრივი ტურისტები დაბალშემოსავლიანები არიან, შესაბამისად, ბევრ ობიექტს სეზონის დასრულება ნაადრევად მოუწევს.

„ალბათ, ზაფხულის სეზონს ნაადრევად დავასრულებთ, რადგან ფასების დაწევა ობიექტებისთვის არ იქნება მომგებიანი – თავიანთ ხარჯებსაც ვერ გაწვდებიან. ეს ტენდენცია უკვე იგრძნობა“,– ამბობს საბა ზანაკიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები