ათასობით ჰექტარზე მძვინვარე ცეცხლი, ბანაკიდან ევაკუირებული ბავშვები და დენის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – რა ხდება იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში

26-07-2021 13:19:58 მსოფლიო

იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სამივე ქვეყანაში ცეცხლი ათასობით ჰექტარზე მძვინვარებს. ამ დროისთვის არც ერთი ხსენებული სახელმწიფო მსხვერპლის თაობაზე არ იუწყება.

იტალიას კუნძულ სარდინიაზე გაჩენილი ტყის მასშტაბური ხანძრის ქრობაში ევროკავშირიც ეხმარება. კერძოდ, ქვეყანას 2-2 სპეციალური თვითმფრინავი უკვე გაუგზავნეს საფრანგეთმა და საბერძნეთმა.

გარდა ამისა, ადგილზე უკვე მუშაობს 13 ვერტმფრენი და 7 კანადური სპეცთვითმფრინავი.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, ცეცხლის ქრობის პროცესში 7 500-მდე ადამიანი, მათ შორის იტალიის სატყეო პოლიციისა და "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

სარდინიაში ხანძარმა უკვე გაანადგურა რამდენიმე საწარმო და საცხოვრებელი შენობა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება, თუმცა ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო სარდინიაზე რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რეგიონის ხელმძღვანელმა კრისტიან სოლინასმა ხანძარს „უპრეცედენტო კატასტროფა“ უწოდა.

იტალიის გარდა ტყის ხანძრებს ებრძვიან საფრანგეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლმა უკვე გაანადგურა დაახლოებით 8,5 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე. ხანძარი შაბათს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ტყეში გაჩნდა. ადგილზე 1000 მეხანძრე და მაშველი მუშაობს. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენიც.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ხანძრის შედეგად დაიწვა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც პორტუგალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შეიქმნა. ამ დროისთვის საფრანგეთში 100 000–მდე ოჯახი დენის გარეშეა დარჩენილი.

შაბათ საღამოდან ცეცხლი ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშიც მძვინვარებს.

ცეცხლმა უკვე გაანადგურა დაახლოებით 12 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტყე. საზაფხულო ბანაკიდან, რომელიც ტყეში მდებარეობს, 28 ბავშვისა და 14 ზრდასრულის ევაკუაცია განხორციელდა.

დაახლოებით 300 მეხანძრე და მაშველი ცდილობს, ცეცხლს დასახლებულ პუნქტებამდე გავრცელების საშუალება არ მისცეს.

სამივე ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჰაერის მაღალი ტემპერატურაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები