წყალდიდობა ლონდონში – საავადმყოფოების ნაწილი პაციენტებს ვერ იღებს (ვიდეო)

26-07-2021 16:02:03

სტიქიამ ლონდონში პრობლემები შექმნა. როგორც BBC იუწყება, ლონდონის "Whipps Cross"–ისა და "Newham"–ის საავადმყოფოები ​პაციენტებს სთხოვენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ, რადგან წყალდიდობამ აღნიშნული კლინიკების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებს ზიანი მიაყენა.

"Whipps Cross"და "Newham" მათთან მისვლის მსურველ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს სხვა კლინიკებში ამისამართებენ.

გადაუღებელი წვიმების შედეგად დატბორილია საავტომობილო გზები, ტროტუარები და საცხოვრებელი სახლები.

სოციალური ქსელის მომხმარებლები დატბორილი ქუჩების ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ "ტროტუარზე სიარული შეუძლებელია".

"ეს უკვე არხია და არა გზა", – წერენ ადგილობრივები.

”ლონდონში დავიბადე და გავიზარდე, მსგავსი რამ არასოდეს მინახავს”, - წერს სოციალური ქსელის ერთ–ერთი მომხმარებელი.

გარემოს სააგენტო წყალდიდობის თაობაზე ექვს ლოკაციაზე, (მათ შორის ორი ლონდონშია, ერთი სუფოლკში, ერთი ესექსში და ორი კუნძულ უიტზე) გაფრთხილებას ავრცელებს. მოსახლეობას მოუწოდებენ, გადაუდებელი საჭიროების გარდა, ქუჩაში გამოსვლას მოერიდონ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები