მე–9 დღეა, ირანში პროტესტი არ ცხრება, იზრდება დაღუპულთა რაოდენობა (ვიდეო)

26-07-2021 16:55:09 მსოფლიო

მე–9 დღეა, ირანის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარე ხუზესტანის პროვინციაში მცხოვრები მოქალაქეები წყლის დეფიციტს აპროტესტებენ. ოფიციალური მონაცემებით, აქციების მიმდინარეობისას 4 ადამიანია დაღუპული. მათ შორის 3 სამოქალაქო პირია, ერთი – პოლიციელი.

თუმცა თეირანისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს "Amnesty International". მისი მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებისა და აქციის მონაწილეების შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 8 დემონსტრანტი, მათ შორის ერთი 20 წლამდე ბიჭი დაიღუპა.

ხელისუფლება როგორც პოლიციელის, ისე აქციის მონაწილეების მკვლელობაში დემონსტრანტებს ადანაშაულებს, თუმცა, აქტივისტთა განცხადებით, ისინი უსაფრთხოების ძალებმა დახოცეს. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენ გაზს იყენებენ.

სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების თანახმად, პროტესტი გასცდა წყლის საკითხს და ისმის სლოგანები ხელისუფლების, უშუალოდ ისლამური რესპუბლიკის ელიტის წინააღმდეგ.

The New York Times-ის კორესპონდენტის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, თეირანის მეტროში მოქალაქეები სკანდირებენ: “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას”. ამასთან, Reuters იტყობინება, რომ დედაქალაქში ზოგიერთმა ადამიანმა "აღშფოთება გამოხატა უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ".

CNN-ის ცნობით, წყლის დეფიციტმა კაშხლების მუშაობაც შეაფერხა, რის გამოც მოქალაქეთა ნაწილს ელექტროენერგიაც შეფერხებით მიეწოდება.

ხუზესტანის პროვინციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ წყლის პრობლემას ერთი წლის განმავლობაში მოაგვარებს.

ბოლო პერიოდში ​ირანის ეკონომიკას ძლიერი დარტყმები მიადგა ერთის მხრივ, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების, მეორე მხრივ კი პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო. მიმდინარე პროტესტამდე აქციებს მუშები და პენსიონერები მართავდნენ. ისინი უმუშევრობასა და ინფლაციას აპროტესტებდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები