"მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. საქართველოს 4 დაცული ტერიტორია UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა"

26-07-2021 22:07:25 ,

მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მივულოცო. საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა.

„სწორად იყო პრემიერის მიერ აღნიშნული, ის ფაქტი, რომ საქართველოს უნიკალური ბუნება UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში შევიდა, არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის, შავი ზღვის აუზისთვის, ეს არის საერთაშორისო აღიარება; საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მსოფლიო მასშტაბით რუკაზე, როგორც გამორჩეული ბიომრავალფეროვნების მქონე ქვეყანა, რომელსაც უნიკალური ბუნება აქვს, რაც არ არის მხოლოდ საქართველოს კუთვნილება, ეს არის მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი, რაც UNESCO-მ დაადასტურა.

2019 წლიდან დავიწყეთ ამ ნომინაციაზე მუშაობა. აქ, ჩვენს სამინისტროსთან ერთად, მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსი წვლილი, რომელიც მუშაობდა იუნესკოსთან, და საბოლოოდ, დღეს ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები