პირმა, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა, პოლიციის განყოფილებასთან თვითმკვლელობა სცადა
27/07/2021 06:23:43 სამართალი
პირმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, თვითმკვლელობა სცადა. მან საწვავი 26 ივლისს, ღამით რუსთავში, პოლიციის იმ განყოფილებასთან მიიტანა, რომლის თანამშრომლებსა და განყოფილების ხელმძღვანელს ძალადობას ედავება. სამართალდამცველებმა ცეცხლის ჩაქრობა მოასწრეს, თუმცა ახალგაზრდა კაცს დამწვრობა აქვს.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ დროისთვის ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის: 20 ივნისს აღნიშნული პირი ყვებოდა, რომ მიმართა ლომბარდს, სადაც მას სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა რიგში მასზე წინ მდგომ პირებთან, სიტუაციის განმუხტვის მიზნით კი პოლიცია განოიძახა, თუმცა ვინაიდან ვითარება დასტაბილურდა, საკუთარი შეტყობინება გააუქმა და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
მისი ნაამბობის მიხედვით, სამართალდამცველებმა ის რუსთავის პოლიციის მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათი მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა: აიძულებდნენ, მათთვის სასურველი ჩვენების მიცემას.
„მაგინებდნენ, სახეში მირტყამდნენ. სამი პერიოდულად გადიოდა და შემოდიოდა და მირტყამდნენ. გამიხსნა პირადი საქმე [განყოფილების ხელმძღვანელმა], მეუღლის ფოტოები „რა ლამაზია“ და ა.შ.“,– ყვებოდა ახალგაზრდა კაცი.
ძალადობის შესახებ მან შსს–სა და ინსპექტორის სამსახურში განაცხადა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმეს სსკ–ის 333–ე მუხლით იძიებს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. გამოკითხეს დაზარალებული და პოლიციელები.


