NATO–ს საწვრთნელი ცენტრი - თანამშრომლობის რა მექანიზს განიხილავენ ალიანსსა და საქართველოში ავღანეთის შემდეგ?

27-07-2021 14:00:31 თავდაცვა

მას შემდეგ, რაც ავღანეთში საერთაშორისო მისია დასრულდა, რომელიც საქართველოს აძლევდა შესაძლებლობას, კოლექტიური უსაფრთხოების არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ მასში საკუთარი წვლილის შემტანიც ყოფილიყო, დადგა საკითხი, როგორ უნდა გაგრძელდეს NATO-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები იგივე მიმართულებით და სტატუსით. ირკვევა, რომ თემაზე საქართველოსა და ალიანსშიც მსჯელობენ. კერძოდ, "აქცენტისთვის" კვლევის პროცესში სხვადასხვა წყაროებით ცნობილი გახდა, რომ განიხილება რამდენიმე ვერსია, კონკრეტულად რა ახალი ფუნქცია შეიძლება, გამოიძებნოს ქვეყნისთვის და ერთ–ერთ მექანიზმად თბილისის ინიციატივა განიხილება, საქართველოში NATO-ს ძალების საწვრთნელი ცენტრის განთავსების თაობაზე.

საკითხზე ოფიციალური პირები ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, "აქცენტთან" ამასწინანდელ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO –ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმაც განაცხადა, რომ "ალიანსს სურს, საქართველოსთან შეინარჩუნოს თავსებადობის მაღალი დონე ავღანეთში NATO–ს მისიის დასრულების შემდეგაც":

"საქართველო ერთ-ერთია ალიანსის გაფართოებული შესაძლებლობების მქონე ძალზე მცირერიცხოვან პარტნიორებს შორის, რაც იძლევა მთელ რიგ ინსტრუმენტებს სამომავლოდ ერთობლივი მუშაობის გასაგრძელებლად. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვით გზებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო დარჩეს NATO–ს ერთ-ერთ მთავარ ოპერაციულ პარტნიორად".

"ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის" სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი, ​აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი ფიქრობს, რომ NATO–მ უნდა გაითვალისწინოს საწვრთნელი ცენტრის თაობაზე ოფიციალური თბილისის შეთავაზება.

"ვფიქრობ, საქართველოს შეუძლია, NATO–სა და სხვა ევროპელი პარტნიორებისთვის შესანიშნავი საწვრთნელი ცენტრის უზრუნველყოფა. ქვეყანაში ცოცხალი ცეცხლისა და მანევრისთვის კარგი სივრცეები, მთაში წვრთნების ჩასატარებლად შესანიშნავი ტერიტორიები და ამფიბიური მანევრებისთვის კარგი შესაძლებლობებია. შეიძლება, რომ საქართველოში აშენდეს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიცაა გერმანიაში მდებარე ჰოენფელსის. იგი არის აშშ-ის არმიის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრი", – განაცხადა ჰოჯესმა „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას.

ქართველი სამხედროების ჩართულობა პოლონეთში განთავსებულ NATO–ს ​ბატალიონში და ინდივიდუალური შესაძლებლობები

გარდა თბილისის შეთავაზების გათვალისწინებისა, ამერიკელი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ NATO–მ საქართველო პოლონეთში განთავსებულ NATO–ს ​ბატალიონში უნდა მიიწვიოს:

"NATO–მ უნდა მიიწვიოს საქართველო, შეუერთდეს პოლონეთში განთავსებულ "NATO–ს გაძლიერებული მოწინავე განლაგების" (EFP) მრავალეროვნულ ბატალიონს, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს. ამ მისიაში მონაწილეობით უზრუნველყოფილი იქნება ქართველი ჯარისკაცების მუდმივი როტაცია, რომლებიც გაწვრთნილი იქნებიან მზადყოფნის უმაღლეს დონეზე და ამასთანავე, შეჩვეულნი იქნებიან NATO–ს სხვა ქვეყნების სამხედროებთან მუშაობას"

მისივე თქმით, ქართველი ოფიცრებისთვის არსებობს ინდივიდუალური შესაძლებლობებიც:

"მაგალითად, ქართველმა ოფიცრებმა შეიძლება, იმუშაონ ევროპაში განთავსებულ NATO–ს სხვადასხვა შტაბ-ბინაში. ამ კუთხით კარგი დასაწყისი იქნება რუმინეთში, სიბიუში განთავსებული შტაბ-ბინა. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს ეყოლება ოფიცრები ერთობლივი და მრავალეროვანი ოპერაციების გამოცდილებით. საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ როდესაც საქართველო საბოლოოდ გახდება NATO–ს წევრი, მას უკვე ეყოლება ბევრი ოფიცერი, რომელსაც უკვე ექნება გავლილი წვრთნის მაღალი დონე და მიჩვეული იქნება ალიანსის ძალებთან ერთად მუშაობას".

ამასთან, ჰოჯესი მიიჩნევს, რომ "საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს თავისი ბრწყინვალე სანაპირო დაცვის შესაძლებლობები სხვადასხვა საერთაშორისო საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისთვის".

"წლებია, საქართველო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას პროფესიონალი ოფიცრები და ჯარისკაცები ჰყავს. მათი ჩართულობა NATO–ს ნებისმიერ შტაბ–ბინაში, ორგანიზაციაში, გაერო–სა თუ ევროკავშირის ოპერაციებში არის ღირებული", – დასძენს ამერიკელი ანალიტიკოსი.

​შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა რობერტ ჰამილტონმა და „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ცენტრის დირექტორმა ლუკ კოფიმ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი ავღანეთის მისიის დასრულების შემდეგ საქართველოსთის 5 შესაძლო ინიციატივაზე საუბრობენ და ყურადღებას ამახვილებენ NATO-სთან საქართველოს საკითხზე მუშაობის თაობაზე აშშ-ის როლზე.

რატომ უნდა იმუშაოს აშშ-მა NATO-სთან საქართველოს თაობაზე

ჰამილტონი და კოფი მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-მა NATO-სთან იმუშაოს, რათა საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს.

"თბილისმა იცის, რომ NATO–ში გაწევრიანება მეტწილად პოლიტიკური საკითხია. მან უკვე დააკმაყოფილა, ან გადააჭარბა იმ სამხედრო მოთხოვნებს, რაც საჭიროა "ცივი ომის" შემდგომი აპლიკანტებისთვის. ამასთან, საქართველოს ლიდერებს ესმით, რომ NATO-სთან ოპერაციებში ყოფნა კრიტიკულია ალიანსის რადარზე დარჩენისთვის. თბილისის ხედვით, NATO–ს ოპერაციებში ქართული ძალების ჩართულობა აუცილებელია, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის: ამის გაკეთება არ იძლევა გაწევრიანების მიწვევის გარანტიას, მაგრამ ამის შეუსრულებლობა თითქმის იძლევა იმის გარანტიას, რომ ეს [მიწვევა] არასოდეს მოხდება. საქართველო ასევე დიდად აფასებს აშშ-ისა და ქართველ სამხედროებს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობს, რომელიც წლების განმავლობაში ერთად წვრთნებისა და ბრძოლის შედეგად ჩამოყალიბდა.

საქართველო საშიშ სამეზობლოშია და რუსეთი მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, საქართველომ შეძლო სერიოზული თავდაცვის რეფორმების განხორციელება და უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობს გაცილებით მაღალი ტემპით, ვიდრე NATO–ს ბევრი ქვეყანა, სწორედ ამიტომ აშშ-მა NATO-სთან უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველო ალიანსის წევრობის გზაზე დარჩეს და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესება განაგრძოს", – აცხადებენ ჰამილტონი და კოფი.