
მედია: როგორ აიძულებს კადიროვი მოქალაქეებს ვაქცინაციას
27/07/2021 11:37:34 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი რესპუბლიკის ზრდასრული მოსახლეობის 100%–ის აცრას მოითხოვს.
„ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ 60%-ის ზღვარზე, არამედ უნდა ავცრათ მთელი ზრდასრული მოსახლეობა. ამასთან დაკავშირებით მე დავავალე, რომ შემოწმდეს, გაიარეს თუ არა იმუნიზაცია ჩეჩნეთის ტერიტორიიდან გასულმა მცხოვრებლებმა“, - განაცხადა კადიროვმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის სხდომაზე.
ოპოზიციური ტელეგრამის არხი „1 ადათი“ იუწყება, რომ ჩეჩნეთში მანქანის ჩამორთმევა ემუქრებათ აუცრელ მძღოლებს. გარდა ამისა, სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან საჯარო სამსახურში დასაქმებულებს, თუ არ აიცრებიან და ავალებენ, ასაცრელად მიიყვანონ გარკვეული რაოდენობის ადამიანი.
ცნობისთვის: კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებლით ჩეჩნეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი ლიდერია რუსეთის სუბიექტებს შორის.
26 ივლისის მდგომარეობით, ჩეჩნეთში ჯამში კოვიდით 15342 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 283 პაციენტი.