ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
27/07/2021 15:20:39 სამართალი
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბიძინა ესებუა პოლიციამ გასული წლის 12 დეკემბერს დააკავა. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებოდა.
შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას ძებნილ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, რის გამოც პოლიცია უთვალთვალებდა. უწყების ცნობით, ბიძინა ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.
დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი ადვოკატი იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ესებუას იარაღი და საბრძოლო მასალა "ჩაუდეს".
პოლიცია ბადრი ესებუას უკვე თვეებია, ეძებს. თავდასხმა ზუგდიდში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.


