
სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობაა – იუწყებიან მსხვერპლის შესახებ
28/07/2021 06:22:32 კავკასია
სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შესახებ იუწყებიან.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქელბაჯარის რაიონში აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი სამხედრო დაშავდა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, სომხეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის ესკალაციაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ვითარების გამწვავებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.
სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, 28 ივლისს, გამთენიისას აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის პოზიციებზე თავდასხმა სცადეს.
სომხური მხარის ცნობით, შეტაკებები რამდენიმე საათს გრძელდებოდა და ორივე მხარეს არის დანაკარგი.
ერევანში სამი სომეხი ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებენ.
შეგახსენებთ, რომ სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე ბოლო თვეებია, დაძაბულობა ნარჩუნდება. მომხდარზე მხარეებ პასსუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.