კრამერი: „სანქციების დროა, რათა „ქართულ ოცნებაში“ მიხვდნენ, რომ საკმარისია!“

28-07-2021 22:40:25 პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მიერ შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის ანულირების შემდეგ აუცილებელია, დასავლეთმა მიზნობრივ სანქციებზე იფიქროს, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია".

როგორც კრამერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა, სრული პასუხისმგებლობა ახლა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რომელიც "არსებულ სიტუაციას დასცინის".

კრამერის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში უნდა გადამგდარიყო პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურ თანამდებობაზე რჩება და მდგომარეობას მხოლოდ აუარესებს.

„პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნების გარემოებებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ სამართლიანად მოიგო. "ქართული ოცნება" არსებულ სიტუაციას დასცინის. ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა "ქართული ოცნების" წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია" - თვლის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.

მისივე აზრით, "წარსულში შეიძლებოდა, კრიზისზე პასუხისმგებლობა ოპოზიციისთვისაც გადაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ის პარლამენტში უნდა შესულიყო, თუმცა, ახლა მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი "ტვიტერში" წერს, რომ მიშელის შეთანხმების ანულირება „არაა საუკეთესო გადაწყვეტილება "ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებისთვის" და რომ ის "საგარეო ურთიერთობებში აშშ-ის კომიტეტის იშვიათ გაკიცხვას გამოიწვევს“.

აშშ-ის ყოფილი ელჩი კენტ იალოვიცი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ბელარუსთან ავლებს პარალელს:

"უბრალოდ შეხედეთ ბელარუსს, რათა მიხვდეთ, რომელ გზაზე სიარული არ გინდათ. ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანუსკაია ახლა ამერიკაშია და ცდილობს, მიიღოს მხარდაჭერა პოპულარული მოძრაობისთვის, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს და ლუკაშნეკოს რეჟიმის დასრულებას ცდილობს... ამის პარალელურად, წავიკითხე ახალი ამბები საქართველოში არსებული ბოლო პოლიტიკური კრიზისის შესახებ, რაც ქვეყნის მმართველობის პარალიზების საფრთხეს ქმნის. მე არ შემიძლია, საკმარისად ზუსტად გადმოგცეთ ჩემი და საქართველის მრავალი ამერიკელი მეგობრის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მშენებლობის ეს შესანიშნავი საჩუქარი გაქრობის საფრთხის წინაშეა. ჩვენ, ამერიკაში თავადაც გვაქვს პოლარიზაციისა და პოლიტიკური გადატვირთვის მხრივ პრობლემები და ყველაფერზე პასუხი არ გაგვაჩნია. თუმცა ორივე მხარეს მტკიცედ მოვუწოდებ, განაგრძნონ მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია საქართველოს საკეთილდღეოდ და დემოკრატიის მომავლისთვის“.

ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი დანიელ ჰამილტონი Twitter-ში წერს, რომ "ივანიშვილის მზარდი არარაციონალურობა ქვეყანას განადგურების რისკს უქმნის. "სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" 19 აპრილის შეთანხმებიდან გავიდა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც გაახანგრძლივებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს და ძირს უთხრის საქართველოსადმი, როგორც პარტნიორისადმი ნდობას" - აღნიშნავს ჰამილტონი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა.

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთვევაში, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.

იხილეთ ასევე: „საქართველოდან მიგრაცია, „ტვინის“ გადინება ძალიან მაღალი იქნება“ – რა გზა აირჩია „ქართულმა ოცნებამ“?

.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები