
პესკოვი – საქართველოში მიმდინარე წვრთნებზე: “რუსეთი ვალდებულია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს”
29/07/2021 13:04:22 თავდაცვა
რუსეთის საზღვრებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტივობა ვალდებულს ხდის მოსკოვს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ზომები მიიღოს, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე წვრთნებზე “Agile Spirit 2021” საუბრისას.
«ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ალიანსი თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ჩვენი საზღვრების ირგვლივ იმყოფება, თანაც არა უბრალოდ ირგვლივ, არამედ შეხებაშია ჩვენს საზღვრებთან. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ძალზე დიდი ყურადღებით დაკვირვების საგანია. რაც მთავარია, ეს გვავალდებულებს, მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ისაა, რაზეც არაერთხელ უსაუბრიათ ჩვენს პრეზდენტსაც, თავდაცვის მინისტრსაც და ჩვენს წარმომადგენლებსაც სხვადასხვა დონეებზე», – აღნიშნა პესკოვმა.
რაც შეეხება წვრთნებში აზერბაიჯანის მონაწილეობას, მისი თქმით, “ნატო არ მალავს, ვინაა მისი მთავარი მოწინააღმდეგე და მნიშვნელოვანია, “Agile Spirit 2021”-ის სცენარი არ ითვალისწინებდეს რუსეთის მიმართ შენიღბულ ქმედებებს”.
“აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ ვუფრთხილდებით მასთან პარტნიორულ ურთიერთობებს, გვაქვს საერთო პოლიტიკური ნება ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის” – დასძინა პესკოვმა.