აზერბაიჯანელი ბლოგერის ტრაგიკული ისტორია, რომელიც საქართველოს თავშესაფარს სთხოვდა

30-07-2021 10:17:47 სამართალი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს.

მისივე ცნობით, ბაკიხანოვს ჯერ სცემეს, რის შემდეგაც მან მედიკოსებს ორგანოების გამოკვლევის თხოვნით მიმართა, თუმცა მომსახურებაზე უარი მიიღო.

"აზერბაიჯანელი მიგრანტი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. 12 ივლისს აზერბაიჯანელთა ჯგუფმა სცემა თბილისში მცხოვრები ემიგრანტი, რომელსაც აზერბაიჯანში პოლიცია დევნიდა და მას გადაურჩა. ჰუსეინმა პოლიციას და სამედიცინო შემოწმებას მიმართა. თუმცა, სამედიცინო შემოწმებამ უარი თქვა შინაგანი ორგანოების გამოკვლევაზე. ერთი კვირის განმავლობაში არ იყო სიახლე ჰუსეინისგან. დღეს გაირკვა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს მის ბინაში“,– წერს მუხთარლი.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულმა ბლოგერმა უკანასკნელი ვიდეოები 13 და 14 ივლისს გამოაქვეყნა. აღნიშნულ ვიდეოებში, რომელთაგან ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანაშია გადაღებული, ის ჰყვებოდა, რომ 12 ივლისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აზერბაიჯანელთა ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.

"თბილისში თავს დამესხა 5 ადამიანი. დევნილი ვარ აზერბაიჯანიდან. დღეს არ შემიძლია, ვთქვა, ეს ყველაფერი სახელმწიფოს დაგეგმილი არის თუ არა, მაგრამ ეს გამორიცხული არ არის. 5–მა ადამიანმა, რომელიც სამი დღის წინ გავიცანი, სცადა, მანქანაში ჩავეტენე. როცა ამან არ იმუშავა, თავს დამესხნენ, თბილისის ცენტრში მცემეს. მაქვს ჭროლობები ტანზეც. არ მჯერა, რომ ეს შემთხვევითობაა. რამდენიმე დღე დამრჩა, რომ დევნილის ბარათი ავიღო. ვფიქრობ, ეს ხელისუფლების თამაში იყო",– ყვებოდა აზერბაიჯანელი ბლოგერი.

აფგან მუხთარლი ყვება, რომ ბაკიხანოვი აზერბაიჯანში “პოლიცია დევნიდა”:

ჰუსეინ ბაკიხანოვი დააკავეს 7 მაისს ბაქოში გამართული საპროტესტო აქციის დროს. მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი პოლიციამ აწამა. მან ასევე თქვა, რომ მას პოლიცია ემუქრებოდა გაუპატიურებით. თბილისში ყოფნისას ის მუდმივად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის მთავრობას, აზერბაიჯანულ მედიაში და საკუთარ არხზე. ჰუსეინმა მეგობრებს განუცხადა, რომ თავდამსხმელებს თავდაპირველად სურდათ მისი პრივატიზება".

ირკვევა, რომ ბაკიხანოვი თბილისში სწორედ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჩამოვიდა და აქ თავშესაფარს ითხოვდა.

აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალების ფაქტს საქართველოს შსს–ში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამასთან, როგორც ირკვევა, თავდასხმის შემდეგ ბლოგერმა შსს–ს მიმართა და ძიება ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს, თუმცა, როგორც ბაკიხანოვის მეგობრები აღნინავენ, ძიება გარდაცვალების შემდეგ გააქტიურდა და ბლოგერის მეგობრები ორთაჭალაში, პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს. ერთ–ერთი პირველი გარდაცვლილის მეგობარი ავთანდილ მამედოვი გამოიკითხება. ის სამართალდამცველებთან სწორედ თავდასხმისა და დევნის ფაქტებზე გეგმავს საუბარს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები