მანჯგალაძე: „ვმუშაობთ, რომ კობახიძეს, ღარიბაშვილს და კალაძეს სანქციები დაუწესდეთ“

30-07-2021 12:13:24 პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობს, რომ სანქციები დაუწესდეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს: ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილსა და კახი კალაძეს.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ამ ადამიანებმა 19 აპრილის შეთანხმება დაარღვიეს და არაფრად ჩააგდეს საერთაშორისო პარტნიორები და ფარატინა ქაღალდად გამოაცხადეს შარლ მიშელის შეთანხმება.

„ჩვენი მიზანი არ არის, სანქციები ქვეყანას დაუწესდეს, არამედ გვინდა, პერსონალური სანქციების დაწესება. იმისათვის, რომ შეთანხმება ფარატინა ქაღალდად არ იქცეს, პარლამენტში ორი მიზეზით ვრჩებით – 43 პროცენტიან ბარიერზე ლაპარაკის უფლება გვქონდეს და ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ. ამ ორი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტო ცხოვრებაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეთანხმებიდან გაიქცეს, სწორედ ამიტომ ვცდილობთ, მას სივრცე არ დავუტოვოთ არჩევნებში არმონაწილეობით. მათი გათვლა იყო, რომ პარლამენტიდან წავიდოდით და იმ წესრიგს მოაწყობდა, რაც მას სჭირდება. მათ ამის ფუფუნებას არ მივცემთ. სწორია, რომ საზოგადოების განწყობა გავზარდოთ და კალმის შემოხაზვით „ქართული ოცნება“ სახლში გავუშვათ”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ეგიდით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ "თავისი მისია შეასრულა".

"ქართული ოცნება" უარს ამბობს ვალდებულებაზე, მის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე ხმათა 43%-ზე ნაკლების მიღების შემთვევაში ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, მის მიერ 53%-ის მიღების შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუ მმართველი გუნდი ჩათვლის, რომ ეს "ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება".

იხილეთ ასევე: „სანქციების დროა!" – აშშ–ში „ქართული ოცნების" გადაწყვეტლებას აფასებენ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები