
ფაშინიანი საზღვრის მთელს პერიმეტრზე რუსი მესაზღვრეების ჩაყენებისა და კუშო-ს მონიტორინგის დაწესების ინიციატივით გამოდის
30/07/2021 10:26:08 კავკასია
«ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, უპრიანი იქნება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საბრძოლო შეტაკებების გარეშე ჩასატარებლად სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელს პერიმეტრზე რუსი მესაზღვრეების ჩაყენების საკითხი განვიხილოთ», — განაცხადა სომხეთის მთავრობის სხდომაზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც გეგმავს, ეს საკითხი რუს კოლეგებთან უახლოეს ხანებში დააყენოს.
«აზერბაიჯანი ვითომდა პროვოკაციებში გვადანაშაულებს. სომხეთი კი, როგორც კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (კუშო) წევრი, რომელიც სექტემბრიდან მის თავმჯდომარეობს ჩაიბარებს, აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ ორგანიზაციის უსაფრთხოებას საფრთე არ ექმნებოდეს, მოკავშირე ქვეყნებს საბრძოლო მოქმედებებში არ ითრევდეს და შესაბამისად, მე სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ყოველგვარ პროვოკაციებს გამოვრიცხავ. ამავდროულად, ვთვლი, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთბრალდებების ნამდვილობის დადგენის საკითხში ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტილება საზღვრის მთელს პერიმეტრზე კუშო-ს მონიტორინგის მისიის განთავსებაა, რაც ამ ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი მექანიზმებითაა გათვალისწინებული. თუკი ეს შეუძლებელი აღმოჩნდება, ჩვენთვის მისაღები იქნება მსგავსი მისიის განხორციელება სხვა საერთაშორისო ფორმატებში, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ჩათვლით», — განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიხსენა მინსკის ჯგუფის 13 აპრილის მოწოდება მხარეებს, პირველივე შესაძლებლობისთანავე განაახლონ დიალოგი თანათავმჯდომარეების ეგიდით.
"აზერბაიჯანს ამ მოწოდებისთვის დღემდე არ უპასუხია, მაშინ, როცა ჩვენ არაერთგზის გამოვთქვით მზადყოფნა, ნებისმიერ მომენტში დავიწყოთ მოლაპარაკებები. ამის პარალელურად, აზერბაიჯანი განაგრძობს შეთითხნილი საქმეების სასამართლო განხილვებს სომეხი სამხედროებისა და სხვა ტყვეების მიმართ, რომელთაც დიდ საპატიმრო ვადებს უსჯიან, ეს კი სამმხრივი განცხადების მე-8 პუნქტის დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა ეს მსჯავრდებული 9 ნოემბრის შემდეგ სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ზონებში იყო დატყვევებული. თუ ამ ფაქტს აზერბაიჯანში სამშვიდობოების მიმართ კონტრპროპაგანდასა და ბაქოს მიერ სამშვიდობოების მანდატის დღემდე დაუმტკიცებლობას მივუსადაგებთ, ცხადი ხდება, რომ ეს სამშვიდობოებისა და მაშასადამე, მთიან ყარაბაღში მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების წყებაა” – აღნიშნა ფაშინიანმა.
ამასთანავე, მან აზერბაიჯანული მხარე რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის თემის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა: «მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრება “დერეფანი” ან რაიმე კონკრეტული მარშრუტები არც 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტში, არც 11 იანვრის განცხადებაში ფიგურირებს, ბაქო განაგრძობს რაღაც დერეფნის თემის განვითარებას კონკრეტული მარშრუტებისა და მიმართულებების მითითებით. მაგრამ სომხეთს არ განუხილავს, არც ახლა და არც სამომავლოდ განიხილავს არანაირ საკითხს დერეფნული ლოგიკით. როგორც სომხეთს უნდა ჰქონდეს კავშირი რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან, ირანთან აზერბაიჯანის გავლით, ისე აზერბაიჯანს უნდა გააჩნდეს სომხეთის ტერიტორიის გავლით კავშირი ნახჭევანთან, საქართველოსთან, ირანთან. ამ პროგრამის რეალიზებსთვის საზღვრის შესაბამის მონაკვეთებზე უნდა ჩამოყალიბდეს საბაჟო პუნქტები, რომელთა გავლა ორივე მხრიდან საბაჟო და სხვა სახის კონტროლის საერთაშორისოდ (მაგალითად, დსთ-ში) მიღებული წესებით უნდა ხორციელდებოდეს”.
ფაშინიანმა დასძინა, რომ “აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ უკანონოდ რჩებიან სომხეთის ტერიტორიაზე (საუბარია სოთქ-ხოზნავარის მონაკვეთზე), არამედ მუდმივად ახორციელებენ პროვოკაციულ ქმედებებს კუშო-ს სისტემის დისკრედიტაციის მიზნით”.