
კვლევა: „დელტა“ ვარიანტი ისევე მომაკვდინებელია, როგორც სარსი და ებოლა“
30/07/2021 18:38:14 ეს საინტერესოა, საზოგადოება
წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი სავარაუდოდ, უფრო მწვავე დაავადებას იწვევს, აინფიცირებს აცრილებსაც, შესაბამისად ისინი სხვა ადამიანებსაც მეტ რისკს უქმნიან,– იუწყება "ვაშინგტონ პოსტი", რომელმაც აშშ–ში „დელტა“ ვარიანტთან დაკავშირებით ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ მომზადებული პრეზენტაციის მასალა მოიპოვა და გაასაჯაროვა. ანალოგიური ინფორმაცია "ნიუ-იორკ თაიმსმაც" გამოაქვეყნა.
„დელტა“ ვარიანტთან დაკავშირებით აშშ–ში შეშფოთება კვლავ იზრდება. აცრილებს ცხვირი და ყელი სავსე ჰქონდათ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით - უთხრა CDC-ის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ "ნიუ-იორკ თაიმსს".
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კოვიდ-19-ზე სრულად აცრილების მძიმე სიმპტომებით დაავადების შანსი კვლავ მინიმალურია და აცრა მოსახლეობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის პრევენციის საქმეში.
ანგარიშის მიხედვით, „დელტა“ ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე – „ალფა“ და ისევე მომაკვდინებელია, როგორც მისი წინაპარი სარსი, ებოლა და სხვა ინფექციური დაავადებები, რომელთა სიკვდილობის კოეფიციენტი გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სარს-კოვ-2-ის პირველადი ვარიანტის.
"გასაცნობიერებელი, რომ ომი შეიცვალა და გადასადგმელია შემდგომი ნაბიჯები: საზოგადოების ცნობადობა უნდა გაიზარდოს აცრილების ინფიცირების მონაცემებზე და ასევე აცრილებში მწვავე დაავადების რისკის მკვეთრ შემცირებაზე“,– ნათქვამია დოკუმენტში.