გომელაური –აზერბაიჯანელი ბლოგერზე: "ის, რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა, მუხთარლისგან ძალიან ბევრი ზღაპარი გვახსოვს”
02/08/2021 11:41:13 სამართალი
"აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიებას ვაწარმოებთ, ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს.
„აზერბაიჯანელი ბლოგერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოძიებას ვაწარმოებთ, გვყავს მისი გარდაცვალების თვითმხილველები. ის რომ ვიღაცამ გადმოაგდო და მოკლა, ეს თემა გამოირიცხა 99 %-ით. თუმცა, ახლა იძულება, რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს. გამოძიება ყველა მიმართულებაზე მუშაობს“,- აღნიშნავს გომელაური.
კითხვაზე, როგორ შეაფასებს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებას, რომ გარდაცვალების საქმეში შესაძლოა, აზერბაიჯანული მხარე მონაწილეობდეს, გომელაურმა შემდეგი განაცხადა:
„აფგან მუხთარლის ძალიან ბევრი ზღაპრები გვახსოვს. მის განცხადებებზე პასუხს ნაღდად ვერ გაგცემთ“.
ცნობისთვის: აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. რაც შეეხება მუხთარლის, აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, 2017 წელს უცნობმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვნეს, სადაც სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებით სასჯელს ციხეში იხდიდა. მუხთარლი დარწმუნებულია, რომ მისი თბილისიდან გატაცება ალიევის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით მოხდა.


