5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
03/08/2021 06:04:53 სამართალი
"შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია" - 5 აგვისტოს, 17:00 საათზე, ამ სლოგანით პუშკინის სკვერში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა, ხელოვნების მუზეუმის შენობის რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის სპეციალისტებმა და გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა.
"არ აქვს მნიშვნელობა შენს პროფესიას, არ აქვს მნიშვნელობა შენს ასაკს, სქესს, აღმსარებლობას, სოციალურ სტატუსს, პოლიტიკურ სიმპატიას, ვინაიდან, შენი მემკვიდრეობა, შენი დასაცავია!
სწორედ ამიტომ, საინიციატივო ჯგუფი "ხელოვნების მუზეუმისთვის" 5 აგვისტოს, ხუთშაბათს, 5 საათზე გიწვევს ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერ აქციაზე, პუშკინის სკვერში.
ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია!
ვინც გრძნობთ, რომ კარგავთვინც გვეთანხმებით და "მათ" არ ეთანხმებით,ვინც უიმედოდ ხართ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ,ვინც დარწმუნებული ხართ და ემზადებით,ვინც მოდიხართ და სხვაც მოგყავთ, ვისაც არ გემეტებათ და არ დათმობთ,ვისაც მრავალჯერ დაგზარებიათ, მაგრამ დღეს უკვე აღარ..,მოდით აქციაზე, რომ ერთად ვუთხრათ მუზეუმს: დაგიცავ! აღგადგენ! გიპატრონებ!ვუთხრათ ხელისუფლებას: არ დაგანგრევინებ! არ დაგითმობ! არ გაგანადგურებინებ", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


