Accentnews.ge
ღარიბაშვილი: „რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?!“

ღარიბაშვილი: „რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?!“

03/08/2021 10:58:38 კონფლიქტები, პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას დეოკუპაციის კუთხით არსებული პრობლემები მათ შორის, შიდაპოლიტიკურ კრიზისს და ქართულ მედიას დაუკავშირა. ამ კონტექსტში მან საპარლამენტო არჩევნები და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი გაიხსენა. კერძოდ, მისი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა 9 პოლიტიკურ პარტიას მისცა, თუმცა ოპოზიციის მნიშვნელოვანმა უმრავლესობამ ბოიკოტი გამოაცხადა.

„ერთადერთ გამოსავლად მესახება განვითარება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა. რას ვთავაზობთ. ჩვენ, პირდაპირ უნდა ითქვას, უნდა შევთავაზოთ გაცილებით მომხიბვლელი ალტერნატივა ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. პირდაპირ, ღიად ვთქვათ, დღეს ამ ალტერნატივას, გარდა ერთგვარი ინიციატივებისა თუ წამახალისებელი და მომხიბვლელი მექანიზმებისა, ჩვენ ვერ ვთავაზობთ. ვთქვათ პირდაპირ, წარმოიდგინეთ რეალობა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, მე გადავალ ცოტა პოლიტიკურ ნაწილში და მინდა, რომ კიდევ ერთხელ ერთგვარი შეფასება გავაკეთოთ, რამდენიმე თვის წინ არჩევანი გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებზე და მხარი დაუჭირეს 9 პოლიტიკურ პარტიას, რომელთაგან აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი განაცხადა პარლამენტში მონაწილეობაზე. რომელ ჭკუათმყოფელ და გონიერ ადამიანს მოუნდება ამ პოლიტიკურ რეალობაში ქართველებთან თანაცხოვრება?! მე არ მინდა პესიმისტური შეფასებები გავაკეთო, ეს არის რეალობა, მეგობრებო და მინდა ამაზე კარგად დავფიქრდეთ.

ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების, პარტნიორების დახმარებით აბსოლუტურად ხელოვნურად, უსაფუძვლოდ შექმნილი კრიზისი ამოიწურა და შევთანხმდით, რომ ვაგრძელებთ ნორმალურ, პოლიტიკურ ცხოვრებას პარლამენტში, რომ ყველამ ერთად ამ გამოწვევებს, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, პანდემია და აშ.. ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ. ახლა ვხედავთ, რომ ბოიკოტი გრძელდება. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, დაარწმუნო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები, რომ პერსპექტიულია და ქართველებთან ერთად თანაცხოვრების მზაობა არის. მით უმეტეს მაშინ, როცა კარგად გვესმის ჩვენ, ყველას, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. ეკონომიკური სიდუხჭირე, განვითარება, უმუშევრობა და ა.შ.

ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს განვითარება, რეალური კეთილდღეობა. მთავარი არის საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევა. გრძელვადიანი პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც იქნება ჩვენი მოსახლეობის რეალური პრობლემების გადაჭრის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაძლევის და თითოეული ოჯახისთვის კეთილდღეობის მოტანის მყარი გარანტი. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება საქართველო მიმზიდველი და უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. ჩვენ კარგად გვახსოვს, იყო დრო, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, აფხაზეთს და სოხუმს ეძახდნენ შავი ზღვის რივიერას. რატომ არ შეიძლება, განვიხილოთ პერსპექტივა, რომ იგივე რეალობა შეიძლება დადგეს?! რეალური განვითარებით, რეალური პროექტებით. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები, ჩვენი თანამოქალაქეები, რომ ერთადერთი ალტერნატივა მათთვის, მათი განვითარების, მათი შვილებისთვის, არის სწორედ ქართველებთან ერთად თანაცხოვრება, ჩვენს ერთიან, ძლიერ საქართველოში. ჩვენი საგარეო პოლიტიკა არის შეუცვლელი, ეს პროცესი არის შეუქცევადი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყანა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,– განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სატელევიზიო არხების და პოლიტიკური პარტიების უმეტესობას ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ:

„მათ სურთ, მთელი საზოგადოება, ამ სიტყვას ვიტყვი – დააზომბირონ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟით და შეთქმულებების დადგმით საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეალობა, მე ამ რეალობაზე მსურს გესაუბროთ დღეს თქვენ და ჩვენს მოსახლეობას. ოსი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს, რა მესიჯებს იღებენ ჩვენგან. ისინი ხედავენ, რომ ჯერ ჩვენ შიგნით, პირდაპირ ვთქვათ, ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით, ვერ განვსაზღვრეთ, რა არის მთავარი, პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც არის ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბოლო რვა წლის განმავლობაში, როგორიც არის მაგალითად ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული რეალური, ეფექტური, ხელშესახები ნაბიჯები, იქნება ეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი, ნატო-სთან მიმართებით ინტეგრაცია, ბაზრების გახსნა, ეკონომიკის რეალური ზრდა და ა.შ. ეს საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა გავხადოთ უალტერნატივო აფხაზების და ოსებისთვის ჩვენთან ერთად თანაცხოვრება. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა“.

ღარიბაშვილის ხედვით, ხელისუფლება მშვიდობიან პოლიტიკას ინარჩუნებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს კონკრეტული ნაბიჯები უნდა აჩვენოს:

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, ეტაპობრივად, თანმიმდევრული, პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით ეს საკითხები გადაიჭრას. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება კონკრეტული შედეგების ჩვენება და დემონსტრირება. მხოლოდ საუბარი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. ჩვენ, პოლიტიკოსებმა, შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ძალიან ბევრჯერ მოვუწოდოთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს და დებს, როგორც ტრადიციულად ვიმეორებთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონკრეტული ნაბიჯები. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი, თუ არა ის, რომ ჯერ შიგნით, კონტროლირებად ტერიტორიაზე და ჩვენს საზოგადოებაში ვაჩვენოთ ერთობა. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დღეს არის ერთობა და მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ერთობა ყოველთვის იყო გამოწვევა ქართველებისთვის, მაშინ, როდესაც ვიყავით ერთიანი და ძლიერი, ყოველთვის წარმატებული იყო ჩვენი საქართველო“.

მისივე თქმით, წარსულში შეცდომები იქნა დაშვებული. ამ კონტექსტში პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომი ახსენა:

„ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი მთავარი, თუ უმთავრეს არა, გამოწვევა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, ოკუპაცია, რომელიც არის უმთავრესი გამოწვევა. ძალიან ბევრი საუბარი გესმის არაერთი ადამიანისგან, პოლიტიკოსებისგან, ჩვენ ჩვენის მხრივ, მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ, პრაგმატულ და მშვიდობიან პოლიტიკას. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს შედეგებზე ორიენტირებული.

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მოდით, ღიად, გულახდილად ვისაუბროთ. ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ბევრი შეცდომა დავუშვით. ჩვენი არასწორი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ჯერ 90-იან წლების დასაწყისში გვქონდა სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა. დროებით დავკარგეთ ტერიტორიები. შემდეგ გავიმეორეთ შეცდომა 2008 წელს, როდესაც ვერ იქნა თავიდან აცილებული უმძიმესი პროვოკაცია, რამაც განაპირობა ჩვენი საკუთარი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია და ე.წ აღიარების პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ წამოიწყო. ჩვენი მთავრობა წარმატებით უმკლავდება აღნიშნულ გამოწვევას. მე ვგულისხმობ არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი დიპლომატების ძალისხმევას, მაგრამ ეს გამოწვევა რჩება დიდ პრობლემად ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისთვის“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S