
აშშ-მა საქართველოსთვის "ჯაველინის" ახალი პარტიის მიყიდვას მხარი დაუჭირა
04/08/2021 05:40:42 პოლიტიკა, თავდაცვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემის „ჯაველინის“ რაკეტების და შესაბამისი დანადგარების მიყიდვის შესაძლებლობას. საუბარია 30 მილიონი დოლარის შესყიდვაზე.
მიღებული გადაწყვეტილება თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ აშშ-ის კონგრესს აცნობა. სააგენტოს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მოითხოვა „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო მართვადი 82 რაკეტისა და 46 მართვადი გამშვები დანადგარის შესყიდვა.
„აღნიშნული შემოთავაზებული გაყიდვა საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით გააძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.საქართველო ადვილად შეძლებს აღნიშნული სისტემის შეთავსებას საკუთარ შეიარაღებულ ძალებთან", – ნათქვამია თავდაცვითი უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, რომეელსაც გადამწყვეტი წვლილი შეაქვს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში:
"საქართველო სტრატეგიული პარტნიორია და რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „ჯაველინის“ სისტემა დაეხმარება საქართველოს, გააძლიეროს თავისი თავდაცვისუნარიანობა და დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აღნიშნული აღჭურვილობის შემოთავაზებული გაყიდვა და მხარდაჭერა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს".
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პირველად 2018 წლის იანვარში გამოაცხადა, რომ წარმატებით დასრულდა აშშ-ისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, „ჯაველინის“ შეძენის პირველი ეტაპი და სისტემა უკვე საქართველოშია. იმავე წლის 30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღის აღნიშვნის ფარგლებში ამერიკული მართვადი რაკეტები ვაზიანის ბაზაზე გამოფინეს.