
ბაიდენმა სომეხი ტყვეების გათავისუფლებაში საქართველოს როლი აღნიშნა
05/08/2021 14:18:48 კავკასია
აშშ მოხარული იყო, აზერბაიჯანიდან სომეხი ტყვეების გათავისუფლებაში გაეწია დახმარება, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და ამ საქმეში საქართველოს საშუამავლო როლიც აღნიშნა.
«ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოწოდებებს სამხედრო ტყვეების უსაფრთხოდ დაბრუნებისაკენ და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ საქართველოს შუამავლობით მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვან საფუძველს ჩაუყრის სამომავლო რეგიონულ თანამშრომლობას – დამატებით იმ განხილვებთან, რომლებიც მინსკის ჯგუფის მიერაა ინიცირებული», – მისწერა ბაიდენმა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს მისალოცში საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით.
ამასთან, მან სომხეთსა და აზერბაიჯანს საგნობრივ მოლაპარაკებებთან უსწრაფესად დაბრუნებისკენ მოუწოდა.
სომხური მხარისთვის 15 მოქალაქის გადაცემა 12 ივნისს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით განხორციელდა. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთისგან სანაცვლოდ მიიღო რუქები, რომლებიც აგდამის რაიონის დანაღმულობას ასახავს. ტყვეთა გადაცემის პროცესში ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი იყო ჩართული.