
ფაშინიანი ირანს სტუმრობს
05/08/2021 14:21:21 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ესტუმრა. საღამოს ის მონაწილეობას მიიღებს არჩეული პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის ინაუგურაციის ცერემონიაში.
როგორც პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახური იუწყება, თეირანის აეროპორტში ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ფაშინიანი პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრა, სადაც ებრაჰიმ რაისს შეხვდა.
შეხვედრაზე ირანის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობარ სომხეთთან ურთიერთობების განვითარებას პოლიტიკის, ეკონომიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.
ფაშინიანის თქმით, ერევნისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზე დამყარებულ მრავალმხრივ თანამშრომლობას ირანთან.
მედია წერს, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში იყო თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ირანთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობა. მხარეებმა პრიორიტეტულად დაასახელეს რეგიონული კომუნიკაციის განვითარება, რაშიც საკვანძო მნიშვნელობა ექნება სატრანსპორტო და საკაბელო კავშირებს სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე.
ფაშინიანი მიესალმა ირანის მხარის ინტერესს ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართ.
ფაშინიანი და რაისი შეეხნენ ურთიერთობების შესაძლო განვითარებას ენერგეტიკის სფეროში.