
ქართველი ემიგრანტი : "ევროვიზიაზე" ემიგრანტები მოგვატყუეს"
16/05/2019 04:01:06 სხვა, საზოგადოება
ქართველი ემიგრანტის ნინო მაზმიშვილის განცხადებით, "ევროვიზიისთვის" ქართველი ემიგრანტები მოატყუეს. როგორც მოქალაქე „პრაიმტაიმს“ უყვება, კონკურსზე მათ ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეაცვლევინეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ოპერატორი რეგისტრირებული არ იყო.
„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა. "ევროვიზიისთვის" ემიგრანტებს მოგვატყუეს. ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეგვაცვლევინეს და გვითხრეს, რომ ხმის მიცემა მხოლოდ ერთი ოპერატორიდან იყო შესაძლებელი. 160 ბარათი ვითომ გვაჩუქეს. ჩავრიცხეთ 40 შეკელი, ანუ თითო ბარათზე დაახლოებით, 11$. სულ 3200 sms შევიძინეთ და მხოლოდ ხმის მიცემის მომენტში გაირკვა, რომ ეს ოპერატორი ევროვიზიაზე მოქმედი არ იყო, ანუ 7070 დაიბლოკა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული. ეს ზუსტად იმ აქტივობისა და მხარდაჭერის გამო იყო, რასაც ოთოს მიმართ გამოვხატავდით",– ყვება ნინო მაზმიშვილი.
ცნობისთვის: ოთო ნემსაძე “ევროვიზია 2019”-ის ფინალში ვერ მოხვდა.
ოთო და ანსამბლი “შავნაბადა” 14 მაისს კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-11 ნომრად წარსდგნენ და ქართულ ენაზე სიმღერა “სულ წინ იარე” შეასრულეს.
უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო სივრცეში სიმღერის ჩანაწერების გავრცელების პირველივე დღიდან ოთო “ევროვიზიის” წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ვოკალისტად აღიარეს.
რეპეტიციების პირველი კადრების გავრცელებისთანავე საუკეთესოთა ჩამონათვალში აღმოჩნდა საქართველოს წლევანდელი სასცენო წარმოდგენაც.
რაც შეეხება თავად სიმღერას, იგი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა: კომენტატორთა დიდ ნაწილს იგი “ამ კონკურსისთვის ერთობ შეუსაბამოდ” (“ლოკალურად ქართულად”) და/ან “მეტისმეტად აგრესიულად” მიაჩნდა. თუმცა მათმა უმრავლესობამ საქართველოსთვის უარყოფითი პროგნოზი შეცვალა, ან, სულ მცირე, შეარბილა, როცა ქართველების პირველი რეპეტიციების ვიდეო-კადრები იხილა: “არცთუ პოპულარულ სიმღერას არაჩვეულებრივი სასცენო გაფორმება “გადაარჩენსო”.
სამწუხაროდ, ოთოს უბადლო შესრულებისა და ძალზე შთამბეჭდავი სასცენო წარმოდგენის მიუხედავად, გამართლდა პესიმისტური პროგნოზი: 13 მაისს ჟიურის და 14 მაისს ტელემაყურებლების მიერ შერჩევის შედეგად “ევროვიზია 2019”-ის ფინალურ ეტაპზე პირველი ნახევარფინალისტებიდან 10 მონაწილე გადავიდა, კერძოდ -საბერძნეთი, ბელორუსია, სერბეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ჩეხეთი, ავსტრალია, ისლანდია, სან მარინო და სლოვენია.
იმავე დღის ბოლოს ოთომ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მხარდამჭერებს ფინალში გადაუსვლელობის გამო მოუბოდიშა, მადლობა გადაუხადა, პირველი ნახევარფინალის შედეგების შესახებ კი განაცხადა, რომ "თუ ესაა მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაზეა":