
«ძმური» ყულფი აფხაზეთის კისერზე და რუსული ხრიკები ყურადღების გადასატანად
12/08/2021 13:58:14 კონფლიქტები
ამასწინათ სოხუმში სამეცნიერო კონფერენცია «დიდი თამაში კავკასიაში. თანამედროვე პოლიტიკური რეალიები» გაიმართა. რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზისა და აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებმა, ასევე რუსმა ექსპერტებმა აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, აფხაზ საზოგადო მოღვაწეებთან და ჟურნალისტებთან ერთად საქართველოსა და ნატო-ს მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს.
პანდემიის ფონზე გამართულმა, «საერთაშორისოდ» მონათლულმა ღონისძიებამ პაპასკირის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში 40-ზე მეტ მონაწილეს მოუყარა თავი. მის ოფიციალურ ორგანიზატორად კი «რუსი თანამემამულეების ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო» მოგვევლინა.
რუსმა პოლიტოლოგებმა ტრადიციულად, ბევრი ისაუბრეს წარსულზე, მათ შორის — გასული საუკუნის 90-იანი წლების ომზე და იმ მძიმე პერიოდის შეხსენების შემდეგ პარალელები გაავლეს აწმყოსთან, რომელიც «საქართველოს მხრიდან აფხაზი ხალხისა და მთელი აფხაზეთის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველად» შეაფასეს.
«ჩვენი შეკრების მიზანია, გავაანალიზოთ საფრთხეები, რომელსაც აფხაზეთს მტრული სახელმწიფოები, ასევე საქართველოში ნატო-ს გაძლიერება უქმნიან და მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ნეგატიური საინფორმაციო ზემოქმედების შესაძლო შედეგების პროგნოზირება», - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა - საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ელენა ჟილინსკაიამ.
გამომსვლელები მოკლე მოხსენებებს აკეთებდნენ საქართველოში სამხედრო სფეროს მდგომარეობის თაობაზე და სლაიდ-შოუც კი გამართეს ქართული ჯარის სიძლიერის შესახებ, რომელიც, მათი მტკიცებით, «აფხაზეთის განადგურებაზეა მიმართული რუსეთის საზღვრებთან მაქსიმალური მიახლოების მიზნით».
«საქართველო არის აგრესორი. ყველა მისი წვრთნა აფხაზეთის მიმართ შემტევი ხასიათისაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები მათ პოლიგონებზე აქტიურად მონაწილეობენ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივ სწავლებებში. თავის მხრივ, აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მხოლოდ თავდაცვითი მიმართულებით იწვრთნებიან, თანაც ამისათვის მკაცრად განსაზღვრულ ადგილებში», — განაცხადა რუსული სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილემ სამხედრო-პოლიტიკური მუშაობის საკითხებში ზაგირა ვალიევამ.
სიტყვით გამოსვლების უმრავლესობა საქართველოსა და მის «მზარდ სამხედრო პოტენციალს» ეხებოდა. აი, თავად აფხაზეთის, მისი ყოფისა და სამხედრო პოტენციალის შესახებ კი ორგანიზატორების მხრიდან სიტყვაც არ თქმულა. ამასთან, რესპუბლიკაში რუსეთის დღითიდღე მზარდი სამხედრო წარმოდგენილობის შესახებ პრეტენზიებს, რომელთაც ღონისძიებაზე პერიოდულად აჟღერებდნენ მიწვეული სტუმრები, ორგანიზატორები მათ ძირშივე კვეთდნენ, რათა საუბარი «არასაჭირო» მიმართულებით არ წასულიყო.
აფხაზური მხარის წარმომადგენლების უმრავლესობა «ყოველი შემთხვევისთვის» დუმდა და თავის ქნევით «ეთანხმებოდა» რუსი გამომსვლელების თეზისებს. ამასწინათ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციის - «სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის» ხელმძღვანელი ოლეგ დამენია კი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ «აფხაზეთის მაცხოვრებლებს არავითარი უფლება არ აქვთ, რუსეთზე ცუდი იფიქრონ, რადგან მსგავსი აზრები მხოლოდ მტერს აძლევს ხელს, რომელიც დღედაღამ აფხაზეთის დაჩოქებაზე ოცნებობს». აფხაზეთში ცნობილმა ფილოსოფოსმა და საზოგადო მოღვაწემ ამ გამოსვლით, როგორც ჩანს, დამსწრე რუსი სამხედროებისა და პოლიტოლოგების გულის მოგება სცადა, თუმცა ისინი მის აღტკინებას საკმაოდ გრილად შეხვდნენ და ღონისძიების საინფორმაციო შემადგენელზე აქცენტირდნენ.
ამ თემაზე აზრის დაფიქსირება აფხაზური მედიის წარმომადგენლებს შესთავაზეს — და მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ალაპარაკდნენ თუ არა ჟურნალისტები, დისკუსიამ ცხარე კამათის სახე მიიღო. თავად აფხაზური მედიის მუშაობის მიმართ რიგ პრეტენზიებთან ერთად, ჟურნალისტებმა იმ შეცდომებზეც ისაუბრეს, რომელსაც რესპუბლიკის მიმართ რუსული ფედერალური ტელეარხები და სააგენტოები უშვებენ. ხოლო «საინფორმაციო ომი», რომელსაც რუსეთი პერიოდულად უცხადებს აფხაზეთს, №1 თემად იქცა და კონფერენციის სამხედრო კონტენტი ფაქტობრივად გადაფარა.
შენიშნეს რა საუბრის აქცენტის საქართველოდან რუსეთზე გადასვლა, ორგანიზატორებმა რამდენჯერმე თემის შეცვლა და მონაწილეთა ძირითად — ანტიქართულ თემატურ კალაპოტში დაბრუნება სცადეს. თუმცა აფხაზი ჟურნალისტები ამით მხოლოდ გახელდნენ და კიდევ უფრო გაააქტიურეს მათ მიერ წამოჭრილ საკითხებზე საუბარი. შედეგად ერთსაათიანი შეხვედრა 2 სათზე მეტხანს გაგრძელდა.
უცნაურია, მაგრამ შემაჯამებელ ინფორმაციაში ამის შესახებ თითქმის არაფერია ნათქვამი: ამ საკითხს მხოლოდ ორიოდ წინადადება დაეთმო და მათშიც დამახინჯებულად არის გადმოცემული ჟურნალუსტების მოსაზრებათა არსიცა და ანტირუსული განწყობაც.
აღსანიშნავია, რომ «საერთაშორისო» კონფერენცია რუსულ-აფხაზური ურთიერთობების არგამხელილი მწვავე ფაზის ფონზე გაიმართა. რუსებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვან ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრისას რუსული მხარის წარმომადგენლებს სიტყვაც არ წამოსცდენიათ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე — მაგალითად, აფხაზი საზოგადო მოღვაწეების, აფხაზური პარლამენტისა და ბიჭვინთის მაცხოვრებლების კონფლიქტზე რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურთან, რომელიც აფხაზეთისთვის ბიჭვინთაში 200 ჰა ტერიტორიისა და მასზე განთავსებული სახელმწიფო აგარაკის 1 რუბლად წართმევას ცდილობს, არც რუსეთის მიერ მთელი აფხაზური ენერგეტიკის მისაკუთრების მცდელობაზე თავის გადამცემ ხაზებთან ერთად. და სანამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა მოსკოვის ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს, აფხაზეთმა არც მშვიდ ცხოვრებაზე უნდა იოცნებოს, არც დახმარებაზე.
მართალია, მედიაში ეს არ ასახულა, თუმცა აფხაზეთში ყველა მშვენივრად აცნობიერებს რეალურ ვითარებასა და იმ პრობლემების მასშტაბს, რომელიც აფხაზეთს რუსეთის მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში ემუქრება.
ამ ფონზე საგულისხმოა თავად ფაქტი იმისა, რომ ტარდება კონფერენცია, რომელზეც საქართველო, აშშ, ნატო აფხაზეთის მთავარ მტრებად არიან წარმოდგენილები, ხოლო რუსეთი - მეგობრად, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა, მოლოდინების საპირისპიროდ, უკვე საგრძნობლად შეავიწროვა მოძმე აფხაზი ხალხის კისერზე ყულფი.
მსგავსი ღონისძიებები გაცილებით უფრო ჰგავს ყურადღების გადატანის მცდელობას, ვიდრე რეალურ ზრუნვას აფხაზეთის აწმყოსა და მომავალზე. და დარწმუნებული ვარ, აფხაზურმა საზოგადოებამ ეს სთანადოდ — ყოველგვარი შელამაზების გარეშე შეაფასა.
კრისტინა ავიძბა
______________________________________________________________________________________
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება
______________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება