
ცხინვალი: "ქართველმა მიგრანტებმა კალიარიში აქციის ჩაშლა სცადეს"
13/08/2021 12:02:08 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, ეთნიკურად ქართველმა მიგრანტებმა იტალიურ ქალაქ კალიარიში "პროვოკაცია მოაწყვეს" და 2008 წლის ომის მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილი "ლოცვის აქციის ჩაშლა სცადეს".
როგორც ცხინვალში აცხადებენ, აქციაში, რომელიც "სამხრეთ ოსეთის მეგობრების ჯგუფის" მიერ იყო ორგანიზებული [ორგანიზაციის ხელმძღვანელი - "სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი" რობერტო პინა - რედ.], "კალიარის ადგილობრივი მოსახლეობა" მონაწილეობდა.
«სამწუხაროდ, ეთნიკურად ქართველმა მიგრანტებმა, რომელთაც ქალი ედგათ სათავეში, სამგლოვიარო აქციაზე პროვოკაცია მოაწყვეს და თავისი არაადექვატურ-ისტერიული ქცევით იტალიის მოქალაქეთა მშვიდობიანი აქციის ჩაშლა სცადეს. თუმცა ეს პროვოკაცია წარუმატებელი აღმოჩნდა - კუნძულ სარდინიის მკვიდრთა აქცია მალევე გაგრძელდა" - ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.