
"თალიბანმა" ჯალალაბადიც აიღო, პარალელურად ქაბულში აშშ–ისა და დასავლეთის ქვეყნების რიგი საელჩოებიდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს
15/08/2021 08:06:29 მსოფლიო
"თალიბანმა" ქალაქი ჯალალაბადიც აიღო. ამ დროისთვის თალიბები ქაბულის გარდა, ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქს აკონტროლებენ.
ამ ეტაპზე ქვეყნის 34 პროვინციული დედაქალაქიდან 23 უკვე „თალიბანის“ ხელშია.
თალიბების დაწინაურების პარალელურად, ქაბულში აშშ–ისა და დასავლეთის ქვეყნების რიგი საელჩოებიდან პერსონალის ევაკუაცია მიმდინარეობს.
აშშ–მა ქვეყანაში 5000 ჯარისკაცი გაგზავნა, რათა საელჩოში დასაქმებული პირების ევაკუაცია სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელდეს.
ქაბულის აეროპორტში ამ დროისთვის აშშ–ის 6 სამხედრო ხომალდია მობილიზებული.
ამასთან, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი კვამლი შეინიშნება. როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა AP–ს განუცხადა, დიპლომატიურ უწყებაში "სენსიტიურ მასალებს, მათ შორის დოკუმენტებს" წვავენ.
რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, რომელთაც ქაბულში დიპლომატიური უწყებები აქვთ, მათი ნაწილი საელჩოს კეტავს, ნაწილი კი პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს.
დასავლეთის ქვეყნები, რომელთაც ქაბულში მდებარე საელჩოებიდან პერსონალი გაჰყავთ:
გერმანია
ბერლინი აცხადებს, რომ საელჩოს პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, ქაბულში უკვე გაიგზავნა დამატებითი ძალები და გაძლიერებულია საელჩოს უსაფრთხოება.
მისივე თქმით, დიპლომატიური პერსონალისა და საელჩოში დასაქმებული ავღანელი ადგილობრივებისთვის ჩარტერული ფრენები განხორციელდება. როგორც მან აღნიშნა, ავღანეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გაიცემა გერმანიაში, რათა ევაკუაცია სწრაფად განხორციელდეს.
დანია
დანია ქაბულში მდებარე საელჩოს დროებით კეტავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიის საელჩოს თანამშრომლები ისევე, როგორც ავღანეთის ნებისმიერ მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია საელჩოში და დანიურ ძალებში ბოლო ორი წლის განმავლობაში, ევაკუირებულნი იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც საელჩოში ან დანიურ ძალებში ბოლო ორი წლის განმავლობაში დასაქმებულ ავღანეთის მოქალაქეებს, (რომელთა რაოდენობა დაახლოებით 45–ია) დროებითი ბინადრობა შესთავაზა. ავღანეთის 45 მოქალაქეს შეუძლია ოჯახებით დანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად 2 წლით დროებით, შემდეგ კი მუდმივი ბინადრობის ნებართვის თხოვნით მიმართვის უფლება ექნებათ.
ესპანეთი
ესპანეთი დიპლომატიური უწყებიდან ყველა თანამშრომლის ევაკუაციას გეგმავს.
როგორც ესპანეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქვეყანა ასევე ევაკუაციას გაუწევს ავღანელ თარჯიმნებს, რომლებიც მუშაობდნენ ესპანურ ძალებთან ავღანეთში. "ვმუშაობთ თარჯიმნებისა და მათი ოჯახების ესპანეთში ჩამოყვანაზე უახლოეს დღეებში", – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ნორვეგია
ნორვეგიამ ქაბულში მდებარე საელჩოს დროებით კეტავს. როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე სორიდემ განაცხადა, საელჩოში დასაქმებულ ნორვეგიის მოქალაქეებთნა ერთად, ავღანეთის მოქალაქეების (ოჯახებთან ერთად) ევაკუაციას განახორციელებს.
გაერთიანებული სამეფო
გაერთიანებული სამეფო ქაბულში მდებარე საელჩოს პერსონალს მინიმუმამდე ამცირებს. ბრიტანეთმა საელჩოს თანამშრომლებისა და თარჯიმნების ევაკუაციის დასაჩქარებლად ქაბულში 600 ჯარისკაცი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობას აქვს განსახლების პროგრამა ავღანელებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ თარჯიმანებად შეიარაღებულ ძალებში.
რა ხდება ქაბულში
"თალიბანი" თითქმის ყოველდღიურად იკავებს ახალ ტერიტორიებს, მას შემდეგ რაც აშშ-მა და სხვა უცხოურმა ჯარებმა ქვეყანა დატოვეს.
დაახლოებით 250 000 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი და მათი უმეტესობა ქაბულში წავიდა. ისინი შიშობენ, რომ თალიბების მიერ ქაბულის აღების შემთხვევაში უბედურება ელით.
- მოქალაქეების ნაწილი, რომელიც "თალიბანის მიერ" კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაიქცა, აცხადებს, რომ თალიბების მიერ დაკავებულ სოფლებსა და ქალაქებში დარჩენილ ოჯახებს მოსთხოვეს, გადასცენ გაუთხოვარი ქალები.
"სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, ვიდრე მაიძულებენ თალიბს ცოლად გავყვე. დღე და ღამე ვტირი", – აცხადებს 35 წლის მუჟდა, მარტოხელა ქალი, რომელიც ფარვანიდან ორ დასთან ერთად ქაბულში გაიქცა.
- ვრცელდება ცნობები, რომ ქაბულში ბანკებთან მოქალაქეების გრძელი რიგებია. მათ დანაზოგი გააქვთ. თუმცა გარვცელებული ინფორმაციით, ბანკის ზოგიერთ ფილიალს ფული უკვე გაუთავდა.
- ამასთან, ქაბულის ქუჩებსა და პარკში კარვებია გაშვლილი, სადაც თალიბების ტყვეობას გამოქცეული მოსახლეობა აფარებს თავს.