
დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
18/08/2021 05:21:55 კონფლიქტები, საზოგადოება
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 37 წელი შეუსრულდებოდა.
გიორგი ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ტყვედ ჩაუვარდა. იგი აწამეს და დაკითხეს, რის შემდეგაც ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის 10 აგვისტოთი დათარიღებული გიორგი ანწუხელიძის დაკითხვის ოქმის მიხედვით, ტყვე ანწუხელიძე რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლებმა დაკითხეს. არსებობს მტრის სატელეფონო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრი, რომელიც 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეო კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებენ. ისინი რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგის და აიძულებენ მიწას აკოცოს, უმძიმესი დაზიანებების მიუხედავად, ანწუხელიძე მტერს წინააღმდეგობას მაინც უწევს და ბოლომდე არ იხრება მიწისკენ.
ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენს და გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო.
ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაბადებული გიორგი ანწუხელიძე 2001 წელს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ თავდაპირველად, თბილისში მოგვიანებით კი, სენაკში მსახურობდა.
2008 წლის მაისიდან იგი, ვაზიანის მეოთხე ბრიგადის 41-ე ბატალიონის კაპრალი იყო.
გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ანწუხელიძე ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული". 2013 წელს "თუშების სადროშომ" გიორგი ანწუხელიძეს "თუში სახალხო გმირის" წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.