პუტინი მერკელს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას სთხოვს
20/08/2021 16:05:37 მსოფლიო
პუტინი მერკელს უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლის განხორციელებას სთხოვს "კიევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მისაღწევად" ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს კრემლში, გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებების შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
"იქნება შთაბეჭდილება, რომ ამ ქვეყნის [უკრაინის - რედ.] ხელმძღვანელობა პრინციპში უარს ამბობს ვითარების მშვიდობიან დარეგულირებაზე. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვთხოვთ ქ-ნ ფედერალურ კანცლერს, მათ შორის - მის მიერ უახლოეს დღეებში კიევში დაგეგმილი ვიზიტის გათვალისწინებით, გავლენა მოახდინოს უკრაინის ხელისუფლებაზე კიევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მისაღწევად", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მან მიუთითა იმაზე, რომ "აგვისტოს დასაწყისიდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ათასზე მეტი დარღვევაა დაფიქსირებული, ყოველდღიურ რეჟიმში იცხრილება დასახლებული პუნქტები".
ამასთან, პუტინის თქმით, "შეუძლებელია, შეშფოთებას არ იწვევდეს უკრაინაში მიღებული მთელი რიგი კანონები და ქვემდებარე აქტები, რომლებიც თავისი არსით მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება".
მისივე თქმით, "მერკელმა ბევრი რამ გააკეთა შიდა უკრაინული კრიზისის დარეგულირების პროცესისთვის, იდგა ნორმანდიული ფორმატის ჩამოყალიბების სათავეში". "ჩვენ ყველანი ერთად ვეძებდით შესაძლებლობებს დონბასში მშვიდობის დასაბრუნებლად. ამის მიღწევა ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება", - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
"დღეს რუსული და გერმანული მხარეების მიერ გამოითქვა სერიოზული შეშფოთება შეხების ზოლზე დაძაბულობის ზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილეთ ეს თემა და იმედი მაქვს, მისი განხილვა უახლოეს ხანებში კვლავ გაგრძლდება", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, "რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის განცხადებებით მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე ფაქტობრივი უარის თქმის შესახებ". "გვაშფოთებს, რომ უკრაინული მხარე ოფიციალურ მოლაპარაკებებზე პრესის წინაშე ერთს ამბობს, ქვეყნის შიგნით კი სულ სხვა რამეს აკეთებს. საკმარისია პირველი პირების განცხადებებს გადავავლოთ თვალი და ფაქტობრივად, ნათელი ხდება, რომ კიევი მინსკის შეთანხმებების შესრულებას არ აპირებს", - აღნიშნა მან.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მიერ დონბასში "გარდამავალი პერიოდის პოლიტიკის შესახებ" კანონის მიღება "მინსკი-2"-დან უკრაინის გასვლის ტოლფასი იქნებოდა. მან მოუწოდა მერკელს, "კიევზე გავლენა მოახდინოს უკრაინაში ამ კანონის მიღების არდასაშვებად, რადგან იქ არა მარტო რაღაც ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, იქ ამ შეთანხმებებს ყველაფერი ეწინააღმდეგება". "ამ კანონის მიღება ფაქტობრივად, მინსკის შეთანხმებებიდან უკრაინის გასვლის ტოლფასი იქნებოდა. იმედი მაქვს, ქ-ნი ფედერალური კანცლერი კიევში მისი ვიზიტის დროს [22 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი - რედ.] გარკვეულ გავლენას, გარკვეულ ზეწოლას მოახდენს უკრაინულ ხელისუფლებაზე და ეს კანონი მიღებული არ იქნება", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ "მინსკის შეთანხმებები გამყარებულია გაერო-ს უშშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციაში და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო ნორმის ფორმატი აქვთ შეძენილი".


