
მოსკოვის ზღაპრები თბილისისთვის და სიზმრები აფხაზეთისთვის
23/08/2021 10:19:23 კონფლიქტები
2008 წლის აგვისტოს ომის მე-13 წლისთავზე რუსეთმა საქართველოსთან “სრულფასოვანი ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად მზადყოფნის” შესახებ განაცხადა. რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების შესაბამის განცხადებას წინ უსწრებდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რიგი წევრი ქვეყნებისა (ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, ირლანდია, ნორვეგია, ესტონეთი) და ალბანეთის (2022-23 წ.წ. გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრების რიგებში დაიკავებს ადგილს) ერთობლივი მოწოდება მოსკოვს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.
«რუსეთში არასოდეს სვამდნენ ტოლობის ნიშანს სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის. ჩვენ მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების აღსადგენად იმ ზღვრამდე, რომლამდეც ქართული მხარე იქნება მზად» - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ბიკანტოვმა.
თუმცა მოსკოვის მიერ გამოთქმული მზადყოფნა რუსული მხარის კონკრეტულ პირობებს ემყარება, კერძოდ, იმას, რომ რუსეთი თავის საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს. მოსკოვს სურს: 1) თბილისმა სოხუმი და ცხინვალი აღიაროს და 2) დაივიწყოს დასავლეთი.
“ვიმედოვნებთ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები დაიწყებენ მეზობლებთან ურთიერთობების მშენებლობას ინტერესთა ბალანსის დაცვით. ეს სრულად ეხება თბილისის გარე კურატორებსაც: დიდი ხანია, დროა, მათ უარი თქვან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში “რეინტეგრაციის” ხაზზე და რეალობისგან მოწყვეტილი თეზისების ტირაჟირების ნაცვლად, მოახდინონ თბილისის სტიმულირება სოხუმსა და ცხინვალთან თანასწორუფლებიანი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის» - განაცხადა ალექსანდრე ბიკანტოვმა.
თბილისში საპასუხოდ იმაზე მიანიშნეს, რომ მზად არიან ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სხვა შესაძლო სახის კავშირების აღსადგენად და მეტიც – მოსკოვისგან კონკრეტულ წინადადებებსაც კი ელიან, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარიც კი ზედმეტია.
«ამ საკითხში ძალზე მკაფიო პოლიტიკა გვაქვს: არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც დეოკუპაციასა და ჩვენს დასავლურ ინტეგრაციას უკავშირდება. ყველაფერი, რაც ამ წითელი ხაზების ფარგლებშია, მთლიანობაში, შესაძლებელია, განვიხილოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წითელ ხაზებს არ გადავკვეთთ. სხვა დანარჩენში კი ჯერ უნდა ვნახოთ, რაზეა საუბარი» - განაცხადა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი თავის კომენტარში დაამატა:
«თუკი რამე ეწინააღმდეგება საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლურ, თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკაა».
თბილისელი დამკვირვებლების უმრავლესობა საქართველოს ხელისუფლებას მოსკოვისკენ შემხვედრო ნაბიჯების გადადგმაში აჩქარებას არ ურჩევს და იმაზე მიუთითებს, რამდენად არასანდო და საშიშია რუსულ მხარესთან შუამავლების გარეშე საუბარი: მოსკოვს ხომ სჩვევია, დღეს ერთი თქვას, ხვალ – მეორე და დღემდე არც ერთხელ არ მიუცია საქართველოს არც ერთი ხელისუფლებისთვის ნდობის არავითარი საბაბი. დამკვირვებლები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ზემოთხსენებული გზავნილის რალური მიზანი საქართველოში ანტიდასავლური განწყობების ზრდა და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ილუზიის შექმნაა (ამ ვარაუდს ამყარებს ორიოდ დღით ადრე რიგი პროკრემლისეული ქართველი პოლიტიკოსების მიერ პუტინისადმი გავრცელებული მიმართვაც თხოვნით, “ხელი შეუწყოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას”). და ფასი, რომლის გადახდაც საქართველოს მოუწევს, შესაძლოა, მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდეს: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კვლავდაკვალ საკუთარი დამოუკიდებლობის დაკარგვა.
თბილისის დასავლელმა პარტნიორებმა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიმართვის ნაწილის ადრესატებმა, ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სიფრთხილისკენ. დასავლეთი იმაზე მიუთითებს, რომ მოლაპარაკებათა პროცესი ისედაც არსებობს და ნებისმიერი დაახლოება კონსტრუქციული ნაბიჯებით უნდა იყოს განპირობებული იმ მიმართულებებით, რომლებიც ჟენევის ფორმატში უკვე განიხილება.
«მსგავსი გზავნილები ქართველებს ადრეც მოუსმენიათ, მაგრამ მათ სერიოზულად აღსაქმელად მნიშვნელოვანია, რუსეთმა უპირველესად, ჯარი გაიყვანოს საქართველოდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დეზინფორმაციის გავრცელების მორიგი მაგალითი იქნება და სხვა არაფერი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი, გაიწვიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები. დიალოგისთვის კი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი არსებობს» - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
რაც შეეხება სოხუმსა და ცხინვალს, ამ დღეებში დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები რუსი პოლიტიკოსების კვალდაკვალ ტრადიციულად აძაგებდნენ თბილისსა და მის დასავლელ პარტნიორებს, პარალელურად კი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად” ჩამოყალიბებაში მოსკოვის როლს ადიდებდნენ და ცდილობდნენ, არ გაეხსენებინათ ის მძიმე რეალობა, რომელიც მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებიდან გასული 12 წლის მანძილზე “სტრატეგიულ პარტნიორ” რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში ჩამოყალიბდა, ისევე, როგორც მოსკოვის ანექსიური გეგმები, რომლებიც ბოლო დროს რუსეთიდან უკვე ღიად ჟღერს.
ამ გეგმების მორიგი გაჟღერებისგან მოსკოვში ვერც ამ დღეებში შეიკავეს თავი. ოდიოზურმა მწერალმა და პოლიტიკოსმა ზახარ პრილეპინმა კიდევ ერთხელ განაცხადა “ამ ტერიტორიების” მიერთების “აუცილებლობის” შესახებ.
"რუსეთმა უფრო აქტიურად უნდა დაიცვას თავისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთის ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება. ყველა ამ ტერიტორიასთან მიმართებაში (დნესტრისპირეთის, ლუგანსკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისა და თუნდაც არცახის ჩათვლით) იგივე უნდა გაკეთდეს, რაც ყირიმის მიმართ მოვიმოქმედეთ: უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. და ბანერიც გამოვაკრათ - “თემა დახურულია”. ამასაც ისევე სწრაფად შეეგუებიან, როგორც ყირიმს, დასავლეთი ხომ ყირიმის თემას წინა რიგებში აღარ აყენებს: ბაიდენს სიტყვა “ყირიმი” პუტინთან შეხვედრაზე არც კი უხსენებია… ამგვარად, სადაც რუსეთი თემას ხურავს, მას სხვაც აღარავინ აყენებს, ხოლო სადაც არა – იქ ხელებს გვიგრეხენ და ამას არასოდეს შეწყვეტენ, არასოდეს!» - დაწერა პრილეპინმა თავის Telegram-არხში.
რუსეთის სახელმწიო სათათბიროს დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა კი გამოთქვა მოსაზრება, რომ “აშშ-ისა და მისი მეგობრებისთვის გაცემული საუკეთესო პასუხი [აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის – რედ.] არა მარტო აღიარება, არამედ რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოსთან [ბელორუსთან, სომხეთთან და დნესტრისპირეთთან ერთად – რედ.] მიერთება იქნებოდა”.
“ეს იქნება ახალი სსრკ ახალი - უფრო მჭიდრო პრინციპებით” - განაცხადა მილონოვმა.
ამასთან, იტვირთა რა ერთდროულად ნათელმხილველისა და სიზმრების ინტერპრეტატორის როლი, მან იმის მტკიცებაც კი დაიწყო, რომ “აფხაზეთში მცხოვრებთა უმრავლესობა იღვიძებს ერთი ოცნებით – კვლავ მიუერთდეს მშობლიურ რუსეთს, რადგან აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში იყო”.
“რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ისევე, როგორც დონბასში, აფხაზეთშიც მოსახლეობა რუსეთთან მიერთებას დაუჭერს მხარს. ხალხს უნდა რუსეთთან ერთად, ეს სამხრეთ ოსეთშიც სურთ და რუსეთს არ უნდა ეშინოდეს: სანქციები იყო, არის და იქნება, ამ მხრივ ჩვენზე წნეხი არ შემცირდება. მაგრამ მიერთებით ისტორიულ მიწებს დავიბრუნებთ და ხალხიც ამოისუნთქებს», – აცხადებს დეპუტატი და იქვე “სრული ბედნიერებისთვის” იმასაც დასძენს, რომ “სადღეისოდ აფხაზეთისთვის საუკეთესო დაცვა თავდაცვის რუსული საშუალებების განთავსებაა კონტინენტთაშორისი რაკეტებით – ერთხელ და სამუდამოდ”.
ანუ, თუ აფხაზეთის მაცხოვრებლები მოსკოვისთვის საჭირო სიზმრებს თავად ვერ ხედავენ, მოსკოვი ამ სიზმრებს მათ ნაცვლად “ნახავს”, შემდეგ თავად ჩაუტარებთ რეფერენდუმს და თავადვე დაითვლის ხმებს – “როგორც დონბასში”. მაგრამ მათი “დამოუკიდებლობის” დასასრული ასეთ შემთხვევაში სულაც არ იქნება დამოუკიდებელი.
აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ორიოდ თვის წინ უკვე აცნობა მოსახლეობას, რომ აფხაზეთს “რუსეთის მიერ ინიცირებულ საინტეგრაციო პროცესბში მონაწილეობა” მოუწევს – “ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შემოთავაზებაა” და “ცხოვრება გვაიძულებსო”. შესაბამისი სიზმრების საფუძველზე გააკეთა მან ეს, თუ კრემლის წნეხის ქვეშ – ძნელი მისახვედრი არაა. ბჟანიას მხრიდან უკვე გაიჟღერა ისეთმა სიტყვებმაც, როგორიცაა “რეფერენდუმი” და “სამოკავშირეო სახელმწიფო”.
ახლა ბურთი აფხაზეთის მოსახლეობის მოედანზეა: მისი გადასაწყვეტია, დაიწყოს მოსკოვის მიერ ნაკარნახევი სიზმრების ხილვა, თუ განაგრძოს “სტრატეგიული მეგობრის” წინაშე ეროვნული ინტერესების დაცვა.
ეკატერინე ცანავა
___________________________________________________________________________________________________
მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება