"სამარცხვინო სასამართლო გვყავს, ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს, ამან მოიტანა 5 ივლისი"
25/08/2021 07:02:07 სამართალი, საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ მასზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლება ქმნის დაუსჯელობის სინდრომს.
"ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე გაწელა, რადგან 25-ში იყო 6 თვე გასული, სწორედ 6 თვე მიუსაჯა, მაგრამ დამნაშავედ სცნო. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლე რომელმაც სპეციალურად მიიყვანა აქამდე საქმე, ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა. ამ მოსამართლემ, რომელსაც აბარებენ ხოლმე მნიშვნელოვან საქმეებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ სასამართლოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება და საზოგადოების დამოკიდებულება", - განაცხადა სანაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ სცნო და მათ 6–თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც ბრალდებულებმა უკვე მოიხადეს. სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე. შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.
ცნობისთვის: სამართალდამცავებმა ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


