"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მფლობელმა გერმანიაში სასამართლო პროცესი წააგო: კომპანია რუსული "გაზპრომისგან" დამოუკიდებელი უნდა იყოს

25-08-2021 16:30:49 ევროპა ,მსოფლიო

"ჩრდილოეთ ნაკადი-2"-ის მილსადენის ოპერატორმა კომპანია "Nord Stream AG"-მ გერმანიის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ ფედერალურ სააგენტო Bundesnetzagentur-თან სასამართლო პროცესი წააგო.

დიუსელდორფის უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა, კომპანია ევროკავშირის ე.წ. გაზის დირექტივის სავალდებულო მოთხოვნათა შესრულებისგან გაათავისუფლოს. შესაბამისად, ოპერატორი კომპანია ვალდებულია, დამოუკიდებელი იყოს მილსადენისთვის გაზის მიმწოდებელი რუსული "გაზპრომისგან", გაზსადენის გამტარი სიმძლავრის 50% კი ალტერნატიული მომწოდებლებისთვის უნდა დარეზერვდეს, - იუწყება Bloomberg.

კანონი, რომლის აღსრულებასაც გერმანული მარეგულირებელი სააგენტო მოითხოვდა, გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების საქმიანობების გამიჯნვას ითვალისწინებს. ამრიგად, სააგენტომ შესაძლოა, "გაზპრომს" მილსადენის ოპერატორი კომპანიის გაყოფა მოსთხოვოს.

ამჟამად "გაზპრომი" (უფრო ზუსტად, მისი შვილობილი კომპანია Gazprom international projects LLC) Nord Stream 2 AG-ს ერთადერთი დამფუძნებელია, მისი შტაბ-ბინა შვეიცარიაში მოქმედებს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებას "კორპორატიულ საკითხად" მიიჩნევს. "ეს უფრო კორპორატიული საკითხია, თავად კომპანიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით" - აღნიშნა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები