ზვიადაური პატიმრობაში დარჩა
25/08/2021 14:06:14 სამართალი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ განიხილა, კახეთში, წინანდლის ტყეში 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული, ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი. ისინი თელავის რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდნენ, რომლითაც ზვიადაური გამოძიების დასრულებამდე წინასწარ პატიმრობაში დარჩა.
ადვოკატები იმსჯელებენ, მიმართონ თუ არა ევროპულ სასამართლოს, რადგან სააპელაციო სასამარტლოს გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე საბოლოოა.
ოლიმპიურ ჩემპიონსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება ზვიადაურს, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება.
სამართალდამცავი უწყების ვერსიით, 16 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.
ახმეტის მკვიდრმა, ვასილ ცოცხალაშვილმა, იქვე მყოფი ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა კენჭოშვილს ესროლა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.კენჭოშვილის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, გვერდით მყოფი, ზვიად მაისურაძე და ანზორ შამრელაშვილი კი დაიჭრნენ.
პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.
ზვიადაურის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.
სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება.


