"მიტაცებენ, დამეხმარეო" – "ევროპული საქართველოს" წევრი შვილის გატაცების შესახებ იუწყება
26/08/2021 13:07:05 სამართალი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალიდან 18 წლის ზაქრო კუსრაშვილი სავარაუდოდ, გაიტაცეს. ახალგაზრდის დედა, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრია, მომხდარს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან მომხდარს მისი თქმით, წინ უძღოდა "ქართული ოცნების" წევრების ვიზიტი და ახალგაზრდის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა.
დედის, ნინო კალახვარიძის ცნობით, ახალგაზრდა დაახლოებით, საათნახევრის წინ გაუჩინარდა, მანამდე კი დედასთან გავიდა კავშირზე და მას თავდასხმის შესახებ აცნობა:
"დედა, ცუდ მდგომარეობაში ვარ, მიტაცებენ, იქნებ დამეხმაროო" – ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა და ვერ ვუკავშირდები. ჩემი შვილი გაიტაცეს და დახმარება მჭირდება",– განაცხადა დედამ.
ადგილზე შსს–ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.


