Accentnews.ge
„კოვიდ–ინფიცირებულები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან“ – რეგულაციების აღსრულების პრობლემა ქვეყანაში

„კოვიდ–ინფიცირებულები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან“ – რეგულაციების აღსრულების პრობლემა ქვეყანაში

27/08/2021 09:03:14 ეს საინტერესოა, საზოგადოება

მიუხედავად მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, ქვეყანაში კოვიდ–რეგულაციების აღსრულება რომ პრობლემურია, ამას გარდა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გადაღებული კადრებისა, თავად მედიკოსებიც ადასტურებენ.

სუპერმარკეტებში, მაღაზიებში მხვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ერთი დღით ადრე ჩემთან სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი თავისუფლად გადაადგილდებიან ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. ეს ვინ უნდა გააკონტროლოს, სამწუხაროდ, ჩემი გასარკვევი არ არის. მე ექიმი ვარ, ადამიანებს უნდა მოვემსახურო“,– განაცხადა ოზურგეთის კლინიკის ხელმძღვანელმა დავით მდინარაძემ.

ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. კერძოდ, „აქცენტს“ წყარო ლენტეხის სასწრაფო დახმარების ჯგუფიდან უყვება, რომ ხშირად, კოვიდ–ინფიცირებულები ინფიცირების შესახებ ინფორმაციას მალავენ, არ იცავენ იზოლაციის წესებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილდებიან, აგრძელებენ კონტაქტს ადამიანებთან, იღებენ სტუმრებს. ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები სიმპტომების შესახებ არ ამხელენ, ვიდრე მდგომარეობა არ გართულდება. კოვიდ–ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ, მათ შორის, სამედიცინო პერსონალს კი, რომლებმაც ასევე უნდა დაიცვან იზოლაციის წესები, სამსახურში იძახებენ, ან საკუთარი შემცვლელი თავად უნდა მოიძიონ.

პრობლემურია დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების საკითხი გრძელ რიგებში, რომლების რიგ ვაქცინაციის ცენტრებში, ტესტირების ადგილებსა თუ კლინიკებში წარმოიქმნება. მაგალითად, ირკვევა, რომ ოზურგეთის კლინიკა ტომოგრაფიის აპარატით აღჭურვილი ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა დიდ რეგიონში, რომელიც არა მხოლოდ ლანჩხუთიდან, ოზურგეთიდან და ჩოხატაურიდან ჩაყვანილ პაციენტებს ემსახურება. შესაბამისად, კლინიკასთან წარმოქმნილ რიგში ადამიანებს საათობით უწევთ დგომა.

„ქვეყანაში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ დღეში 50–დან 60 ადამიანამდე მოჰყავთ კატე–კვლევაზე. ლანჩხუთს, ჩოხატაურს, ოზურგეთს ემატება მიმდებარე ქალაქები. ჩემი პერსონალი 24–საათიან რეჟიმში კეთილსინდისიერად ემსახურება ყველა მოსულ მოქალაქეს“.

რიგებში დგომა უწევთ სიმპტომებიან თუ უსიმპტომო მოქალაქეებს, რომლებსაც ტესტირების გავლა სურთ.

„ტესტირება იწყება 9 საათიდან, მაგრამ რიგ უკვე 7 საათიდან დგას, რომ ადამიანებმა ჩაწერა მოასწრონ. ტესტირების დრო შეზღუდულია, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ტესტირება ვერ მოვასწროთ, შესაბამისად, აღრიცხვაზე გვიან დადგებით, გვიან გვექნება კომუნიკაცია ექიმთან“,– უამბო „აქცენტს“ რუსთავის მეორე პოლიკლინიკასთან რიგში მყოფმა მოქალაქემ.

პრობლემურია ხალხმრავალი ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების კუთხით არსებული რეგულაციების აღსრულების საკითხიც. 26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კოვიდ–ინფიცირებული 24 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. არსებობს ინფორმაცია, რომ ქალი ქორწილში იმყოფებოდა და სავარაუდოდ, სწორედ ამ სადღესასწაულო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეს ვირუსით გამოწვეული გართულებებით მ–13 ორსულის გარდაცვალებაა. როგორც მედიკოსები განმარტავენ, დელტა შტამი განსაკუთრებული აგრესიულობით სწორედ ფეხმძიმეებთან მიმართებაში გამოირჩევა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით კლების ტენდენციას უახლოეს პერიოდში არ პროგნოზირებს. ვირუსმა ქვეყანაში ჯამში 7 101 მოქალაქე იმსხვერპლა.

ამ დრომდე მთავარ რეკომენდაციად რჩება ვაქცინაცია, პირბადის ტარება და ჰიგიენის დაცვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S